ნარჩენების გროვები ქუთაისის ქუჩებში - საკრებულოს დეპუტატი მერიას მიმართავს
ქუთაისის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების მასიურად გაუტანლობის გამო საკრებულოს დეპუტატი პოსტს ავრცელებს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მოსახლეობა პრობლემის შესახებ მათ უკავშირდება.
"ძალიან ბევრი მოქალაქე მიკავშირდება, რომ ნარჩენები არ გააქვთ მათი ქუჩებიდან დროულად. ამბობენ, რომ მერიაში დარეკეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს"-განაცხადა შუშანიამ.
მისი თქმით, მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ, თუმცა როგორც მანვე აღნიშნა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. შუშანია ქალაქის მერიას მოუწოდებს, რომ მოქალაქეებს გააცნონ შექმნილი პრობლემების მიზეზი.
დეპუტატის პოსტს დასუფთავების სამსახურიდან უპასუხეს. მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ განმარტებით, პრობლემა რამდენიმე ავტომობილის ერთდროულად დაზიანებამ შექმნა.
"ქალაქის გარკვეულ ნაწილში დასუფთავების კუთხით შექმნილი შეფერხებების გამო ა/ა/იპ „სპეციალური სერვისების“ ადმინისტრაცია შემდეგ განმარტებას აკეთებს: მ/წლის 20 – 21 ივლისს ერთდროულად რამდენიმე ერთეული ნაგავშემკრები ა/მანქანების სპეც.ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო ახალგაზრდობის, ლეონიძის, აბაშიძის, კუპრაძის, ილ.ჭავჭავაძის და წერეთლის ქუჩებიდან ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. პრობლემის ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით სპეციალური სერვისების ტრანსპორტის სამსახური ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სპეც.ტექნიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც უახლოეს ვადებში დასრულდება. იქამდე ჩვენს ავტოპარკში არსებული სხვა რესურსით განხორციელდება აღნიშნული ქუჩებიდან ნარჩენების გატანა. ა/ა/იპ „სპეციალური სერვისების“ ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის"-ნათქვამია ააიპის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















