ნატო ქათამაძე შოთა მურღულიას შეცვლას ითხოვს?
ქუთაისის საკრებულომ არქიტექტორ ამური ფხაკაძისა და "ცისფერყანწელი" პოეტების კოლაუ ნადირაძისა და პაოლო იაშვილის სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა საკითხი ერთმნიშვნელოვნად მოიწონეს, თუმცა შენიშვნა ჰქონდა საკრებულოს "რესპუბლიკელ" დეპუტატს ნატო ქათამაძეს, რომელმაც პატივგების კომისიის წევრთა გადახალისება მოითხოვა.
"რამდენჯერმე მოვითხოვე პატივგების კომისიის წევრთა შეცვლა. არ არის საჭირო მსგავსი საკითხები წლების განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანებმა გადაწყვიტონ, ამიტომ უნდა მოხდეს კომისიის გახალისება", – განაცხადა დეპუტატმა.
ქათამაძის შენიშვნას კითხვით უპასუხა ქალაქის მერმა და კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები მოითხოვა, რომელთა შეცვლასაც ითხოვდა, რაზეც ქათამაძემ უპასუხა, რომ ის ზოგადად ითხოვს კომისიის გადახალისებას.
"ბატონო შოთა, ვერ გეუბნებათ და ალბათ, თქვენს შეცვლას ითხოვს"–იხუმრა საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერი ქუთაისის მერიაში არსებული პატივგების კომისიის თავმჯდომარეა.
ქუთაისის საკრებულოს რიგით 19–ე სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს, მათ შორის პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში გამოყოფილი თანხის განკარგვის, თანადაფინასებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
პრივატიზაციასთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდათ საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატებს. ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც მერს ქალაქის ბალანსზე არებული ქონების საკრებულოს გვერდის ავლით გაიჯარების უფლება მიეცა, ქალაქში რამდენიმე ობიექტი საკრებულოს გადაწყვეტილების გარეშე გასხვისდა.
შოთა მურღულიას განცხადებით, "ნაციონალები" ძველ დროში ჩარჩნენ და მათ არ იციან, რომ მსგავსი ქმედებით კანონი არ იღვევა, რადგან მას თვითმმართველობის ახალი კოდექსი აძლევს უფლებას, საკრებულოს გადაწყვეტილების გარეშე როგორც გაყიდოს, ასევე გააქირაოს ქონება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















