|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძე: "ნახევარს არ უყვარს „ნაციონალური მოძრაობა“, ნახევარს "ქართული ოცნება“

"საქართველოში ადამიანი მიტოვებულად გრძნობს თავს და მომავლის იმედი არ აქვს",-  განაცხადა პაატა ბურჭულაძემ დღეს ქუთაისში ვიზიტისას. მისი თქმით,  რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩევლის 70 პროცენტი  არ მივიდა, ეს კი სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა. 

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, „საქართველოს განვითარების ფონდის“ შექმნის შემდეგ ის ჩამოშორდა მის მიერ მანამდე დაარსებულ ორივე ფონდს, ასევე გააუქმა  ყველა წარმოდგენა და საზღვარგარეთის  გასტროლი, მთლიანად გადმოერთო აღნიშნული ფონდის მუშაობაში. ეს კი ქვეყანაში არსებულმა უკიდურესმა სიღარიბემ აიძულა: „ასეთი სტატისტიკა გვაქვს: 3 მილიონ 700 ადამიანიდან მილიონ 500 ათასი  ითხოვს შემწეობას, რომლის ოდენობაც არის 60 ლარი.  აქედან 371 ათას მიეცა ეს დახმარება. მილიონ 200 ათასს  ამ 60 ლარზეც უარი ეთქვა. ეს არის სამარცხვინო ჩვენი ქვეყნისათვის“-აღნიშნა  ბურჭულაძემ.

როგორც შეხვედრაზე  ითქვა, ფონდის რეგიონალური ოფისები შეისწავლიან მოსახლეობის პრობლემებს, ცენტრალური ოფისი კი მის  სისტემიზაციას მოახდენს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც  მთავრობას წარუდგენ. თუ მთავრობა ამ რეკომენდაცციებს არ გაითვალისწინებს,  ფონდი, სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, რომელიც იმ ხალხს გააერთიანებს, რომელიც  არც წინა და არც მმოქმედ  ხელისუფლებას აღარ ენდობა.

 "უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ამ ფონდის გახსნა იყო აუცილებელი, დღეს საზოგადოება გაყოფილია ორად, ნახევარს არ უყვარს „ნაციონალური მოძრაობა“, ნახევარს "ქართული ოცნება“.  ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და უნდა გავერთიანდეთ. ყველგან არიან დიდებული მამულიშვილები, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა", -განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

მსოფლიო ბანის გვერდით არიან ვანო მაჭავარიანი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, დავით ჯანდიერი იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე,  ხათუნა ლაგაზიძე ექსპერტი. ქუთაისის ოფისს კი კობა ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. ის სამართლის მაგისტრია, ბოლო დრომდე ქუთაისის მერიის კულტურის ააიპში იურისტად მუშობდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე