ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული – თუ სამართალი არსებობს, პროცესს მოვიგებთ
ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, თეონა
ჭეიშვილის პროცესზე, დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება არ მიიღო.
თეონა ჭეიშვილის თქმით, დღეს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების არმიღების მიზეზი მისთვის უცნობია. „თუ სამართალი არსებობს, ჩვენ პროცესს მოვიგებთ და სამსახურში აღგვადგენენ,“ – აცხადებს თეონა ჭეიშვილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო თეონა ჭეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 22 აგვისტოს გამოიტანს. ჭეიშვილი, მერიიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლების მსგავსად, თავს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნევს. მერიიდან გათავისუფლებული პირები სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
მათ შორის არის, ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ყოფილი უფროსი, კახა მაჩიტიძე, რომლის სასამართლო პროცესი ასევე, 22 აგვისტოს გაიმართება.
რაც შეეხება მერიიდან გათავისუფლებულ სხვა პირებს, ქუთაისის საქალაქო სასამართლო მათ საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს. საუბარია ქუთაისის მერიის ყოფილ ვიცე–მერზე, კოტე რატიანზე, კონტროლის განყოფილების ყოფილ უფროსზე, კობა გაბიანისა და მერის ყოფილ თანაშემწეზე, შოთა კოჩაძეზე. აღსანიშნავია, რომ ხვალ, მათ სასამართლო პროცესებზე მესამე პირად მერიის ის თანამშრომლები წარსდგებიან, რომლებიც გათავისუფლებულთა ადგილებზე დაინიშნენ.
მერიის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატი, „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს“ ქუთაისის ოფისის იურისტი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ მათი სარჩელი საფუძვლიანია.
„ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მერიის ყოფილ თანამშრომელთა
სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – ამბობს თეონა ზაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიიდან თანამშრომლეთა გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგად მოხდა.
ავტორი: ანა ჯანაშია