|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საკუთარ ქალაქში ექსკურსიებისთვის ტურისტულ კომპანიას 12 ათასი ლარი გამოუყო

ქუთაისის ახალგაზრების საკუთარ ქალაქში ექსკურსიებისთვის, ქუთაისის მერია ბიუჯეტიდან 12 000 ლარამდე თანხას ხარჯავს. აღნიშნული თანხა მერიამ ტენდერის გზით შპს „სააგენტო ტურიზმი 2012“–ს გამოუყო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულება მერიასა და ტურისტულ კომპანიას შორის 2013 წლის 5 აგვისტოს გაფორმდა. 11 950 ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულებას ხელს ქუთაისის მერი, დიმიტრი კოპალიანი აწერს.

„ვინც ეს ტენდერი გამოაცხადა, თავის ჭკუით საქმე გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ერთი კომპანია აიღებს ხელში მოსწავლეების და სტუდენტებისთვის ექსკურსიების მოწყობას. მსგავსი შემთხვევა შევარდნაძის მმართველობის დროს დაფიქსირდა. არავინ იცის ამ სააგენტოს არსებობის შესახებ. უკანონობაა, რომ ქალაქის მერიამ გამოცდილ და პროფესიონალ სააგენტოებს, რომლებიც მრავალი წელია ამ საქმოანობით არიან დაკავებული, ხელ–ფეხი შეუკვეცა,“ – აცხადებს ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კოტე ჭარხალაშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ტენდერის ჩატარება გამართლებული არაა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანიის  პროექტი „სვლაგეზი“, ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის  ქალაქის ისტორიული ძეგლების, კულტურული კერების, ცნობილი  ადამიანების ღვაწლისა და დამსახურების გაცნობას ითვალისწინებს.  

პროექტის ფარგლებში, ტურისტული ჯგუფებისა და ნებისმიერი მსურველისათვის ყოველდღიურად ექსკურსიების მოწყობა იგეგმება  ბაგრატის ტაძარზე,  მოწამეთაზე,  გელათზე,  სათაფლიასა და პრომეთეს  მღვიმეში. ესქკურსიების მოწყობას კომპანია ღია და დახურული ტიპის ავტობუსებით აპირებს.

დოკუმენტაციის მიხედვით ირკვგევა, რომ ახალი სასწავლო  წლიდან ექსკურსიებში SOS ბავშვთა სოფელის აღსაზრდელები,  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები,  სახელოვნებო და საზოგადოებრივი კოლეჯების,  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც ჩაერთვებიან.  აღნიშნულ კატეგორიას კომპანია უფასოდ  მოემსახურება.

პროექტში ასევე გათვალიწინებულია მძღოლის, გიდის და პროექტის მენეჯერის მომსახურების თანხები.

პროექტი „სვლაგეზი“ 2013 წლის 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.

შპს  „სააგენტო ტურიზმი 2012“ აღნიშნულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი გახლდათ.  

ავტორი: დეა მანაგაძე