|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები 2 თვის ხელფასს ითხოვენ

ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმები და სამედიცინო პერსონალი ორი თვის გაუცემელ ხელფასებს აპროტესტებენ. როგორც ექიმები ამბობენ, მათ მიმდინარე წლის ივლისიდან დღემდე, ხელფასი არ მიუღიათ. მათი თქმით, ადმინისტრაციამ თანამშრომლებზე გაუცემელი ხელფასების მიზეზად ვებ–გვერდის გაუმართაობა და ჯანდაცვის სამინისტროსათვის მონაცემთა ბაზის გადვიანებულად გადაცემა დაასახელა.

"ხელფასს ყოველი თვის ბოლოს ვიღებდით, მაგრამ ამჟამად გაუგებარი მიზეზის გამო პირობა შეიცვალა. უნდა გვცოდნოდა, რა გახდა დაგვიანების მიზეზი," – აღნიშნავს სამედიცინო ცენტრის ექიმი პათანატომი, მაგული ჩხობაძე.
ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ანჟელა ორჯონიკიძის თქმით, ხელფასების გაცემის წესი "ჩემი ოჯახის კილინისის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გასულ თვეში შეიცვალა. ორჯონიკიძის თქმით, ამ ცვლილების შესახებ თანამშრომლები ადმინისტრაციამ წინასწარ გააფრთხილა.
"ექიმების განცხადება, რომ 2 თვის ხელფასი არ გაცემულა, ტყუილია.  ხელფასები გაცემულია. აგვისტოს თვეში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ხელფასის ნაწილი ირიცხება 15 რიცხვში, 31 რიცხვის ნაცვლად. რეალურად, ხელფასების გაცემის კუთხით, არცერთი დღე გადაცილება არ არის,“ – ამბობს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა ლალიაშვილი. 
"ეს არის სამედიცინო დაწესებულება და გაფიცვა არ შეიძლება, თუ ის პაციენტებს პრობლემებს შეუქმნის. პირობას ვდებთ, რომ ხელფასები არაუგვანეს 15 რიცხვისა გაიცემა," – ამბობს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ანჟელა ორჯონიკიძე. 
სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით, ივლისის თვის ხელფასებს თანამშრომლები კვირის ბოლომდე მიიღებენ.

   

ავტორი: დეა მანაგაძე