კვირა, 08 ივნისი, 2025 წელი 06:39:44
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალთა ორგანიზაციების პროტესტი ქუთაისში – "არა სოჭის ოლიმპიადას"

"მცოცავ ოკუპაციას რომ "არა" უნდა ვუთხრათ განა ეს საკითხი საკამათო უნდა იყოს?!" – კითხვა დაისვა შეხვედრაზე, რომელიც მოძრაობა "არა ოკუპაციას" კვირეულის ფარგლებში ქუთაისში, დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
საპროტესტო კვირეულს "არა ოკუპაციას, არა სოჭის ოლიმპიადას" ასოციაცია "ქალები რეგიონული განვითარებისთვის" და მასთან არსებული "ქალთა კლუბი" გამოეხმაურა და შეხვედრა გამართა.
"მართალია ჩვენი ორგანიზაცია არაპოლიტიკურია სოციალურ და საქველმოქმედო საკითხებზე მუშაობს, მაგრამ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალდებულებად  მივიჩნიეთ რომ ამ საკითხს გამოვხმაურებოდით", – განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა მაკა ხეცურიანმა. 
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოს თითოეული მოქალქის პასუხისმგებლობას, როცა საკითხი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების ყოფნა–არყოფნას ეხება.
შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემო ყველა უნდა გაერთიანდეს, პრინციპული პოზიცია აჩვენოს და უთხრას "არა" მცოცავ ოკუპაციას.
"შემზარა იმ კადრებმა როდესაც სამაჩაბლოში მცხოვრები მოქალაქის ბაღი აჩეხეს და მამა–პაპისეული სახლი დააშლევინეს. ამის მიმართ გულგრილი არავინ უნდა დარჩეს", – განაცხადა "ქალთა კლუბის" წევრმა, მუსიკოსმა ნინო დოღონაძემ.
გულგრილობისა და ერთიანობის  პრობლემას შეეხო ქალთა კლუბის წევრი ია იაშვილიც.
"თუკი სამშობლოს სიყვარული არის პოლიტიკა, მაშინ ვიყო პოლიტიზებული. ერთი ტენდენციაა, რომ თუ ადამიანს უშუალოდ არ ეხება პრობლემა არ ეხმაურება. ქუთაისში პარლამენტის ყოფნა–არყოფნა არაა მხოლოდ ქუთაისელების საქმე, ასევე ის რომ სამაჩაბლოში სამი მოსახლე აყარეს, ეს არაა მხოლოდ იმ სამი მოსახლის პრობლემა, ეს საქართველოს პრობლემაა და იგი ყველამ თანაბარი პასუხისმგებლობით უნდა გაიზიაროს", – განაცხადა ია იაშვილმა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი