ქუთაისის მერია სამსახურში აღდგენილი თანამშრომლების წინააღმდეგ საქმეს სააპელაციოში აგრძელებს
ქუთაისის მერიამ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილებები გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები თანამდებობზე აღადგინეს.
საუბარია, მერიის სამაშველო სამსახურის უფროსზე კახა მაჩიტიაძეზე, მერიის კონტროლის განყოფილების უფროსზე – კობა გაბიანზე; იმედა ხარატიშვილზე, რომელიც სამაშველო სამსახურის ერთ–ერთი განყოფილების უფროსია. ასევე, ამ უკანასკნელი სამსახურის სპეციალისტზე, ირაკლი ქანთარიაზე, მერიის არქიტექურის სამსახურის უფროსის მოადგილე, თამაზ გიორგაძესა და მერიის ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტ, მერი კახიანზე.
მერიაში განმარტავენ, რომ მათ უფლება ჰქონდათ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაესაჩივრებინათ.
"კანონშესაბამისად გავასაჩივრეთ და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო", – განმარტა newpress.ge–სთან სატელეფონო საუბარში, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ.
სააპელაციო სასამართლოში კახა მაჩიტიძის და კობა გაბიანის საქმეებზე პროცესები უკვე გაიმართა. გადაწყვეტილება 23 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
აღნიშნულ საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვერა დოლიძე გახლავთ, რომელიც ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად ჯერ აპარტის, ხოლო შემდეგ, საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნული გენადი კუჭუხიძის მეუღლეა. ამ უკანასკნელს კი, მეგობრული ურთიერთობა აქვს, ქალაქის ვიცე–მერთან, თენგიზ თოფურიძესთან. აღნიშნული კავშირების გამო, მოსამართლისგან მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავენ.
"ყველამ იცი, რომ ამ ყველაფრის უკან თოფურიძე დგას. ვერ ვიტყვი, რამდენად ობიექტური იქნება სასამრთლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო პროცესს მოვიგებ. რადგან, სიმართლე ჩემს მხარესაა. ძალიან ნაგლი უნდა იყო ადამიანი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანო", – ამბობს კახა მაჩიტიძე.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლებულთა საქმეებზე, ქუთაისის საქალაქო სამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება დაახლოებით, ერთი თვის წინ მიიღო.
ავტორი: თეკლა მორგოშია