|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე – ხელისუფლებას არ ყოფნის ნერვები დავით ბაქრაძის მზარდი რეიტინგი აიტანოს

"ნაციონალური მოძრაობა" ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ფაქტზე საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მიმართავს. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას და პირადად შსს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მომხდარი ფაქტი გამოიძიოს და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს.

აღნიშნულის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. ბრიფინგზე ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი, ნინო ფხალაძეც იმყოფებოდა, რომლის განცხადებით დღეს, დილის 6 საათზე მის სახლში 10 სამართალდამცავი შეიჭრა და ჩხრეკა განახორციელა. 
ნინო ფხალაძე,  საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ფაქტს, მის მიერ მოსახლეობაში ჩატარებულ საარჩევნო აგიტაციას უკავშირებს.
"პოლიციის უფროსმა, პირადად ყოველგვარი ორდერის გარეშე მოახდინა ჩემი სახლის ჩხრეკა. ჩემს ოჯახზე განხორციელდა დევნა. გუშინ, ხარაგაულის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსთან ერთად კარდაკარ ჩავატარეთ აგიტაცია, რასაც ეს ჩხრეკა უკავშირდება," – აცხადებს ნინო ფხალაძე.
ნინო ფხალაძე ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქარაძის საარჩევნო შტაბის უფროსია სოფელ ფარცხნარში. ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ მის ოჯახზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება. 
მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორაგნიზაციის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე.
"ხელისუფლებას არ ყოფნის ნერვები დავით ბაქრაძის მზარდი რეიტინგი აიტანოს მარგველაშვილის რეგრესირებადი რეტინგის ფონზე," – აცხადებს თევდორაძე.
ნინო ფხალაძის თქმით, პოლიტიკური დევნის ფაქტები მის ოჯახზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც განხორციელდა. დეპუტატი აცხადებს, რომ იმ დროისათვის პოლიციამ მისი შვილი და მეუღლე ქუთაისში დაკითხა.
    

ავტორი: დეა მანაგაძე