|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატიმართა შეწყალება 25 ოქტომბრამდე განხორციელდება

პატიმართა შეწყალება 25 ოქტომბრამდე განხორციელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ კომისიის თითქმის 7-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ელენე თევდორაძის ინფორმაციით, კომისიამ გუშინ 462 პატიმრის საქმე განიხილა. აქედან 128 პატიმარზე კომისია მთლიანად გათავისუფლების რეკომენდაციას იძლევა, 33 მსჯავრდებულზე კი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია გაიცა. მისივე თქმით, 7 არასრულწლოვანი პატიმრიდან ერთს სასჯელის ოდენობა გაუნახევრდება, ხოლო სამ არასრულწლოვან მსჯავრდებულზე კომისიამ პატიმრობიდან გათავისუფლების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება ქალებს, კომისია რვა ქალზე პრეზიდენტს გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართავს, ხოლო ოთხზე - სასჯელის განახევრების წინადადებით. 
"ჩვენ რა თქმა უნდა უარი ვთქვით მძიმე მუხლებით მსჯავრდებული პირების შეწყალებაზე, მაგრამ ყველა საქმე მაინც მძიმე იყო, იმ მხრივ, რომ ეს შეეხებოდა თაღლითობას, ნარკოტიკების შემოტანას, მაგრამ არა გასაღებას. ვისაც ჩვენ ვუწევთ სასჯელის განახევრების რეკომენდაციას, არის უფრო მძიმე ტიპის საქმეები, დანარჩენი საშუალო სიმძიმის საქმეებია, ყოველ შემთხვევაში კომისიამ ყაჩაღებს, მკვლელებს, პედოფილებს და მწამებლებს შეწყალებაზე უარი უთხრა", - განუცხადა ჟურნალისტებს ელენე თევდორაძემ. 
შეწყალების კომისიაში ციხის ყოფილი თანამშრომლების განაცხადიც შევიდა, რომლებიც პატიმართა წამებისთვის არიან მსჯავრდებულები. ელენე თევდორაძის თქმით, კომისიამ მათ შეწყალებაზე უარი განაცხადა და მათი საქმეები არც განუხილავს.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი