|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში ხმა 114-მა ამომრჩეველმა მისცა

ქუთაისის 129-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაშია განთავსებული, 12 საათის მონაცემებით 114-მა ამომრჩველმა დააფიქსირა თავისი არჩევანი.

აღნიშნულ უბანზე სულ 473 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. აქედან, 351 პატიმარია, 109 ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს მუშაობენ, ხოლო 13 -  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრება.

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში მყოფ  და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პატიმრებს, რომლებიც სასჯელს 1-დან 6 წლამდე იხდიან.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებიდან ორი მათგანი ქალია, რომელთაც წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

როგორც დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსი ხათუნა ჯავახაძე აღნიშნავს, დაწესებულებაში მყოფი პატიმრები საპრეზიდენტო კანდიდატების სააგიტაციო ლიტერატურას და საარჩევნო პროგრამებს წინასწარ იცნობდნენ. პატიმრებს ასევე, წინასწარ მოეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაიარონ ხმის მიცემის პროცედურები.

„არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, განწყობა პატიმრებში ადეკვატურია. ვინაიდან, ეს არის დახურული ტიპის დაწესებულება, სააგიტაციო მასალა განთავსებული იყო პატიმრების სასეირნო ადგილებში და მათ ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესახებ ჰქონდათ,“ - აღნიშნავს ხათუნა ჯავახაძე.

ხმის მიცემის პროცედურა სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში 8 საათზე დასრულდება. 129-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ხათუნა გუდაძის ინფორმაციით, ხმების დათვლის პროცედურა 14-ე საჯარო სკოლის შენობაში მდებარე 75-ე საარჩვენო უბანზე გადაინაცვლებს.    

 

ავტორი: დეა მანაგაძე