ქუთაისის მე–4 პოლიკლინიკა აღარ გაიყიდება – „შენობის პრივატიზება კოტე ლომიძის დავალება იყო“
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მე–4 პოლიკლინიკის შენობა არ გაიყიდება. აღნიშნული განცხადება ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსმა, ბესო ცქიფურიშვილმა გააკეთა.
როგორც ცქიფურიშვილმა newpress.ge-სთან საუბარში განაცხადა პოლიკლინიკის შენობის პრივატიზება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის დავალება იყო, თუმცა ლომიძის დავალებითვე აღნიშნული შენობა დღევანდელ საკრებულო სხომაზე დამტკიცებულ საპრივატიზაციო ნუსხაში არ შევიდა.
ქუთაისი მერის მოვალეობის შემსრულებელი newpress.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მეოთხე პოლიკლინიკის შენობის ნაწილის გასხვისება იგეგმებოდა, თუმცა ამ საკითხის შესწავლის შემდეგ მისი გასხვისება დღის წესრიგში აღარ დადგა.
„გვინდოდა შენობის ნაწილი გასხვისებულიყო, თუკი ქალაქის საკეთილდღეოდ იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით გავარკვიეთ რომ შენობის გაყიდვა პოლიკლინიკის მუშაობას ხელს შეუშლიდა და ათასობით ბენეფიციარი და იქ მომუშავე ექიმები ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ“, – განაცხადა კოტე ლომიძემ.
დღეს საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის სამსახურმა საპრივატიზაციო ნუსხაში 46 მიწის ნაკვეთი და ორი შენობა– ნაგებობა შეიტანა.
ავტორი: დეა მანაგაძე