საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ოფიციალურად 17 ნოემბრის შემდეგ ეყოლება
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ოფიციალურად 2013 წლის 17 ნოემბრის შემდეგ ეყოლება. სწორედ ამ დღეს გაიმართება ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, რის შემდეგაც მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის.
ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან დაახლოებით ერთ კვირაში თანამდებობის დატოვებას გეგმავს ბიძინა ივანიშვილიც. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 24 ნოემბრისთვის უნდა გადადგეს.
ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილებას არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშე მოიხსნის, ხოლო ნდობის გამოცხადება ახალი კონსტიტუციით დადგენილი წესებით მოხდება.
ამ ყველაფერს 2010 წლის ოქტომბერში მიღებული კონსტიტუციური ნორმების ამოქმედება იწვევს.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შედის ახალი ფორმის მმართველობის კონსტიტუციური მოდელი და ქვეყანა შერეული მმართველობის მოდელზე გადადის. ამოქმედდება შერეული მმართველობის ფორმა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელსაც უწოდებენ.
ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას მთავრობის ხელახალი ფორმირება მოჰყვება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი.
პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი დანიშნოს.
კერძოდ კი, პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში, საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ (ასეთი კი კოალიცია "ქართული ოცნებაა") მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს.
თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტიც შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
ახალი კონსტიტუციით იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და თავად მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობა ხდება, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
მთავრობის საქმიანობას მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მას და განახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს.
პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშვნისთვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტის გარეშე მიიღებს.
გარდა ამისა, თუკი დღემდე პრეზიდენტს კონსტიტუცია შესაძლებლობას აძლევდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა მოეწვია და მისი თავმჯდომარე ყოფილიყო, ახალი საკონსტიტუციო ნორმების გათვალისწინებით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა მოითხოვოს და ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.
ავტორი: ნიუპრესი