|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს თავმჯდომარე – ქუთაისის მერის პოსტზე კონკურსის გამოცხადების ვალდებულება არ გვქონია

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, კოტე ლომიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის  ვადა დღეს ეწურება.
ამ დრომდე უცნობია, მერის შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისია გამოაცხადებს თუ არა მერის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს.
„4 ნოემბრის შემდეგ  შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი ან არ გამოცხადდეს. ჩვენ  ვალდებულება არ გვქონია,  რომ კონკურსი მაინცადამაინც  ნოემბრის დასაწყისში გამოცხადებულიყო.  უბრალოდ, ამ დრომდე იყო დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელი. ვნახოთ, რაზე შეჯერდება კომისიის შემადგენლობა“, – ამბობს  საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი, რომელიც ამავე დროს  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეცაა.  მისივე თქმით, შეიძლება, რომელიმე ვიცე–მერი დაინიშნოს მერის მოვალეობის შემსრულებლად.
რაც შეეხება, მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე, ვიცე–მერის, გია შარაბიძის შესაძლო  დანიშვნას, ის newpress.ge–სთან საუბარში ამბობს:"ეს ჩემთვის  ჯერ არავის შემოუთავაზებია. ამ წუთში ვიცე–მერის ფუნქციებს ვასრულებ", – განმარტავს გია შარაბიძე.

ლომიძე მერის მოვალეობის შემსრულებლად  ქუთაისის  ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის წასვლის შემდეგ, 13 სექტემბრიდან   დაინიშნა.  ლომიძე 27 ოქტომბრიდან  8 ოქტომბრის ჩათვლით, ერთ–ერთმა ვიცე–მერმა თენგიზ თოფურიძემ ჩაანაცვლა.  თუმცა, 9 ოქტომბრიდან  4  ნოემბრამდე  კი, მერის მოვალეობას ისევ ლომიძე ასრულებს.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია