რას ედავებიან ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებულ სამაშველო სამსახურის უფროსს?
ქუთაისის მერიის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის, კახა მაჩიტიძის მეორედ გაათავისუფლება მერიის კონტროლისა და აუდიტის სამსახურის დასკვნის შედეგად მოხდა.
"დარღვეული იყო კანონი სახარძრო უსაფრთხოების შესახებ, რომლის საფუძველზეც არის ეს სამსახური შექმნილი. კანონში მითითებულია, რომ აკრძალულია სახანძრო დანიშნულების მანქანების გამოყენება ხანძრისა და დანართში მითითებული საქმიანობის გარდა," – აცხადებს ქუთაისის მერიის კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ ჭრელაშვილი.
როგორც მალხაზ ჭრელაშვილი განმარტავს, აუდიტორული მოკვლევის შედეგად, მაჩიტიძის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სახანძრო სამსახურის მიერ სპეცტექნიკის გამოყენება კერძო პირებისა და ფირმებისათვის არაერთგზის მოხდა.
სახანძრო სამსახურს სპეცტექნიკა 2009 წელს იმერეთის გუბერნიისაგან გადაეცა. თუმცა, როგორც აუდიტორული დასკვნიდან ირკვევა, 2011 წლიდან ხელშეკრულება მერიის სახანძრო სამსახურსა და გუბერნიას შორის არ არსებობდა.
აუდიტორული მოკვლევის შედეგად აღნიშნულ პერიოდში სახანძრო სამსახურმა 13 000 ლიტრი საბიუჯეტო საწვავი არამიზნობრივად დახარჯა, რაც 29 790 ლარის ღირებულებისაა.
სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი, კახა მაჩიტიძე პირველად, მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა. მაჩიტიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მაჩიტიძის სარჩელი დააკმაყოფილა და ის დაკავებულ თანამდებობას დაუბრუნდა.
მეორედ მაჩიტიძის გათავისუფლება მისი ბიულეტენზე ყოფნის დროს მოხდა. სახამძრო სამსახურის ყოფილი უფროსი მიიჩნევს, რომ მის მეორედ გათავისუფლება კონტროლისა და აუდიტის სამსახურის ცრუ დასკვნის შედეგად მოხდა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა