|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის ხსოვნის საღამო გაიმართა

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში, 2011 წელს კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი ქალაქის მე-18 ბიბლიოთეკა გახლდათ. ბიბლიოთეკის გამგის ნატო ასათიანის თქმით,  ამ საღამოს აღნიშვნას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა. „ტერორიზმის აღზევების ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაზე მნიშვნელოვანია  ის მძიმე ფაქტი, რომ ტერორიზმის გეოგრაფიამ თავისი სისხლიანი საზღვარი ჩვენი პატარა ქალაქის გულზე გადაატარა.  თამთა ამ უბნის შვილი იყო და ბუნებრივია ბიბლიოთეკას თავისი სიტყვა უნდა ეთქვა “, - აღნიშნა ნატო ასათიანმა.

შეხვედრაზე სიტყვა მოწვეულმა სტუმრებმაც თქვეს, გაიხსენეს ტრაგიკულად დაღუპული გოგონა და ერთხმად დაგმეს ტერორიზმი. „ტერორიზმი საერთოდ დიდი ბოროტებაა ამის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს  აბსოლუტურად  ყველა, არა აქვს მნიშვნელობა სქესს, ეროვნებას,სარწმუნოებას, რადგან ტერორიზმს უდანაშაულო და წარმატებული ადამიანები ეწირებიან. ისეთები, როგორიც თამთა იყო“, - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ.

მისი თქმით მარტო სახელმწიფო ვერაფერს გააწყობს, თუკი საზოგადოებაც არ გაერთიანდა ტერორიზმის წინააღმდეგ. დეპუტატის განმარტებით საქართველოში ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს და მაგალითად, საქართევლოში რელიგიური ნიშნით ძალადობის შემთხვევებს, რომელთაც ბოლო ერთ წელიწადში ჰქონდა ადგილი, პოლიტიკური ფაქტორების გამო პროვოცირებულად მიიჩნია. „საქართველოში არასოდეს ყოფილა ძალადობა  რელიგიური ნიშნით. შემთხვევები ჭელაში და სხვაგან  პოლიტიკური ფაქტორების გამო პროვოცირებული მგონია, თორემ  საქართველოში რომ ტოლერანტობაა ვერ დაიჩემებს ვერც ერთი სხვა ქვეყანა. საქართველოში ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს, თუკი ჩვენ ჯოხის და გველის არ იყოს ძალით და ხელოვნურად არ გავაღიზინებთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ხელისუფლება. ზოგადად სახელმწიფო ამ საკითხს დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს“, - მიაჩნია ომარ ნიშნიანიძეს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი