|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress-ის მიერ გავრცელებულ ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტს, რომელიც newpress.ge-მ გაავრცელა, სოციალურ ქსელ facebook-ში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. კომენტატორთა ერთი ნაწილი ნიგერიელი სტუდენტის ცემას რასიზმად და ქსენოფობიად აფასებს და ბოლო პერიოდის მოვლენებს იხსენებს.

მათი შეფასებით ქსენოფობიის გამოვლინებათა სიმრავლე ქართველთა ტოლერანტობის მითს ანგრევს.

„ბოლოს და ბოლოს ხომ გამოჩნდა რომ ქართველი ტოლერანტი და ჰუმანური კი არა, შოვინისტი, უსამართლო და იაფფასიანი კრიმინალია“, – აღნიშნავს ერთ–ერთი კომენტატორი.

იუზერთა ნაწილის აზრით რასიზმის წახალისებად  პოლიციისა და სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობა ხდება.

„ის რომ პოლიციას შემთხვევის გამოძიება, თუნდაც ერთხელ, და თუნდაც მაგალითისთვის არ უნდა, ეს ხომ კიდევ უფრო ახალისებს რასიზმს ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან. ეს სტუდენტები იქნებიან მერე, უნივერსიტეტს, რომ დაამთავრებენ და პოლიციაში დაიწყებენ მუშაობას. მოკლედ, წრეზე ვტრიალებთ“, – მიაჩნია ერთ–ერთ იუზერს.

თუმცა facebook–ის მომხმარებელთა ნაწილი რასიზმის ცალკეული შემთხვევების მთელ ერზე განზოგადებას შეცდომად თვლის. „როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება რასიზმისგან შორს ვდგავარ, მაგრამ საღამოობით ხშირად მიწევს აღმაშენებელზე გასვლა და ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ მშობლიური ენა უფრო ნაკლებად მესმის, ვიდრე თურქულ-არაბული“.

კომენტარებში აღინიშნა უფრო რადიკალური შეფასებებიც. კომენტატორთა ერთი ჯგუფი „ყველას ვისაც საქართველო არ მოსწონს“  თავის ქვეყანაში დარჩენას ურჩევს „ ყველა თავის ქვეყანაში დაეტიოს და თუ არ მოსწონთ წავიდნენ აქედან“ . ნაწილი ნიგერიელი სტუდენტის ცემის მიზეზების დადგენას ითხოვს, რადგან მათი რწმენით  „უმიზეზოდ არ სცემდნენ“.  ნაწილი კი ნიგერიელის ცემასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გაუმართლებალდ მიიჩნევს და თვლის, რომ „საქართველოში ყველას უფლებებს იცავენ ქართველების გარდა“.

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოში ყველას ინტერესებია დაცული ქართველების ინტერესების გარდა. კაი ხარ და თურქს უთხარი რამე გინდა სამართლიანად, გინდა უსამართლოდ, ან ჩინელს. ამისთანა რა ჭამეს და სად ჭამეს, რომ თავიანთი ქვეყანა აღარ უნდათ?!“– მიაჩნია ერთ–ერთ კომენტატორს.

დისკუსიაში მონაწილეთა ნაწილი  სავიზო რეჟიმის გამკაცრებას მოითხოვს - „უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი მუსლიმანურ ქვეყნებთან, აფრიკელებთან, ინდოელებთან და ჩინელებთან. საშინელი ხალხია, სუნიანები, შეუხედავები და მდაბიოები“.

ასეთ შეფასებებს ბოროტების და შვინიზმის კვალიფიკაციას აძლევენ მათი ოპონენტები და „ჭეშმარიტი ქართველობის" სხვა ფორმულაზე აპელირებენ. „იმდენი სხვადასხვა ერისა თუ ტომების პოლიგონი იყო საქართველო საუკუნეების განმავლობაში ძნელია ითქვას ვინაა ჭეშმარიტი ქართველი და ვინ არა, მთავარია გიყვარდეს ეს ქვეყანა და ყველა ის ადამიანი ვისაც უყვარს შენი ქვეყანა", – მიაჩნიათ მათ.

წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  ცემის ფაქტზე ნიგერიელი სტუდენტი ჯივა აბიოდუნი newpress.ge–სთან საუბრობს.

 

ავტორი: ნიუპრესი