|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ ლანჩავა – ვისაც ქუთაისი ჭიჭიკია გონია, თავად არის ჭიჭიკია

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამო მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზციის 90–ე საიუბილეო წელს მიეძღვნა.

საღამოზე სიტყვით გამომსვლელმა სტუმრებმა და მასპინძლებმა, როგორც თავად აღნიშნეს "პომპეზურობისა" და „პათეტიკის გარეშე“ ისაუბრეს ქართული მწერლობის და კერძოდ სამწერლო ორგანიზაციების „განსაკუთრებულ მისიაზე“, მათ „ერის წინამძღოლობაზე“, „ერის სახელით ლაპარაკის უფლებაზე“ და ა.შ.
მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ლანჩავამ მიმოიხილა მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ისტორია და ქუთაისელი მწერლების განსაკუთრებული წვლილი ქართულ მწერლობაში.
„ყველა მთავრობას პატივს ვცემ, ვისაც წიგნი უყვარს და მათ გვერდში ვარ“,– განაცხადა მწერალმა, რომელიც 25 წელია მწერალთა კავშირის ქუთასის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
ლანჩავამ ქუთაისის როლზეც ისაუბრა ქართულ კულტურაში და აღნიშნა რომ "ვინც ქუთაისი ჭიჭიკია გონია, იგი თავად არის ჭიჭიკია“. 
შეხვედრაზე გაიცა პრემიები. თემურ ლანჩავა დაჯილდოვდა "ქართული კულტურის დესპანის მედლით", რომელიც მას თბილსის მერიამ მიანიჭა და საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელმა მაყვალა გონაშვილმა გადასცა. მაყვალა გონაშვილმა პოეტი ომარ გვეტაძე ტიციან ტაბიძის პრემიით დააჯილდოვა. აკაკი წერეთლის პრემია მწერალ თორნიკე ერისთავს ერგო. პოეტები ირმა ქურასბედიანი და ელისო ქაროსანიძე მარიკა ბარათაშვილის პრემიით დაჯილდოვდნენ. ნიკო ლორთქიფანიძის პრემია მწერალ გონერ ჭეიშვილს მიენიჭა.
კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კი "მადლობის სიგელები" გადასცა მწერლებს სიმონ არველაძეს, ავთანდილ ყურაშვილს, თემურ ლანჩავას, თემურ ამყოლაძეს, ლია გვეტაძეს, ცირა შალაშვილს, ავთანდილ ნიკოლეიშვილს და სხვებს.

ავტორი: ნიუპრესი