|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის მოიჯარეს ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე "სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიაზე, რომელიც ერთი თვის წინ ქუთაისის მერიამ აღნაგობის უფლებით გასცა, შესაძლოა, მშენებლობა აღარ გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრო მარჯანიშვილმა newpress.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მარჯანიშვილის განმარტებით, ქალაქდაგეგმარების სამსახურში შპს "ანასტასიამ"  
"სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პროექტი დასამტკიცებლად შეიტანა. 
"გავუგზავნით შენიშვნებს და არ მოხდება ამ პროექტის დამტკიცება," – აცხადებს ანდრო მარჯანიშვილი.
ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ შპს "ანასტასიასა" და ყოფილი კინო "საქართველოს" მფლობელს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და შესაძლებელია, სადაო ტერიტორია კონოს მფლობელს, თენგიზ აბესაძეს დარჩეს და იქ მხოლოდ პარკინგი განხორციელდეს. 
რაც შეეხება,  შპს "ანასტასიას", მარჯანიშვილის განმარტებით, მას ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს სხვა ადგილზე შესთავაზებენ, სადაც მშენებლობის განხორცილებეის შესაძლებლობა ექნება.
"ეს ყველაფერი ისე მოხდება, რომ არც ერთი მხარის ინტერესები არ შეილახება და დაზარალებული არავინ დარჩება," – აცხადებს ანდრო მარჯანიშვილი.
შპს „ანასტასია“, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ მ მიწის ნაკვეთი ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში შპს "ანასტასიას" 35 წლიამი იჯარით მისცა.     

ავტორი: თეკლა მორგოშია