ქუთაისის სახელმწიფო საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს ვერ იტევს
ქუთაისის სახელმწიფო საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რაოდენობა, ბაღებში არსებულ ფართებს აღემატება.
არასაკმარისი სივრცე კი სახელმწიფო ბაღებში სტანდარტების დარღვევას იწვევს, რაც ბოლო პერიოდში, მშობლების კრიტიკის საგანი გახდა.
„საბავშვო ბაღები, არც მეტი, არც ნაკლები, აღსაზრდელებით გადავსებულია. ბავშვი უკვე მეორედ გაგვიხდა ავად. აღსაზრდელები გადაჭარბებით არიან ჯგუფებში და ამ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ვირუსები და ინფექციებიც ადვილად ვცრელდება. საერთოდ, ნებისმიერი კუთხით, გაძნელებულია ბავშვების მოვლა მათი სიმრავლის გამო,“ – ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნათია ტოფაძე.
ქუთაისის სახელმწიფო ბაღების უმრავლესობაში, თითოეულ ჯგუფში, 40-45 აღსაზრდელია მოთავსებული. რაც სტანდარტული წესით გათვალისწინებულ რაოდენობაზე ორჯერ მეტია.
სტანდარტის მიხედვით, საბავშვო ბაღში, ჯგუფში მხოლო 20 - 25 ბავშვის მოთავსებაა რეკომენდირებული.
საბავშვო ბაღებში ფართის სიმცირეზე, ბაგა – ბაღების ქუთაისის აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძეც საუბრობს.
"ქუთაისის სახელმწიფო ბაღებში სრული დასწრება რომ იყოს, ბაღები დაინგრევა. ნამდვილად არ გვყოფნის ფართები. ბავშვების სიითი რიცხოვნება მეტია, ხოლო ბაღების რაოდენობა იგივე, რაც სამი წლის წინ იყო. თუმცა ფიზიკურად არა გვაქვს ფართი, რომ ჯგუფები დავამატოთ," – ამბობს ქუთაისის სახელმწიფო ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე საუბრობს.ბოლო ორი წლის მანძილზე, როგორც ირკვევა ქუთაისში, სახელმწიფო ბაღებში ბავშვების რაოდენობა 5000 – ით გაიზარდა.
2011 წელს,
ქუთაისის სახელმწიფო საბავშვო ბაღებში სულ 4500 ბავშვი ირიცხებოდა. მიმდინარე წელს
კი საბავშვო ბაღებში არსაზრდელთა სიითი რიცხოვნობა 9400 ბავშვს შეადგენს.
"ფართების დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პრობლემა რომ მოგვარდეს, მინიმუმ სამი ბაღის დამატებაა საჭირო," - განმარტავს პაქსაძე.
ქუთაისის სახელმწიფო ბაღებში შენობების გამოყოფისა და ჯგუფების დამატების თაობაზე, როგორც ქუთაისის სახელმწიფო ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე ამბობს, უკვე დაწყებულია მუშაობა.
ქუთაისში ამ დროისთვის, სულ 35 სახელმწიფო ბაღი ფუნქციონირებს.
ავტორი: ანა ჯანაშია