"ნაციონალი" დეპუტატი – ქუთაისში ვიღაცამ დაქოქილი ძრავი გამორთო
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე ქუთაისის მერიისა და მუნიციპალიტეტების მუშაობას აკრიტიკებს. აღნიშნულის თაობაზე გოგისვანიძემ "ახალი გაზეთის" რედაქციაში გამართულ სადისკუსიო შევხედრისას განაცხადა.
როგორც გოგისვანიძე განმარტავს, ქუთაისში არსებული ყველა მუნიციპალიტეტი სამუშაო საათების დასრულებამდე დაკეტილია და თანამშრომლებიც არაფერს აკეთებენ.
გოგისვანიძის მტკიცებითვე, ასეთივე მდგომარეობაა ქუთაისის მერიაშიც.
„ნაციონალი“ დეპუტატის თქმით, აღნიშნული სტრუქტურები, უფრო გამართულად „ნაციონალური“ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდნენ.
„შუადღეს, 1-დან 2-საათამდე შესვენების გამოყენება კი არა, თავის მოსაფხანად არ ეცალა არავის. ახლა ყველა შესვენებაზე გარბის. ევროპულ ყაიდაზე გადავედით. არ ვართ მუშაობის რიტმში. თუმცა არც მერიაში და არც მუნიციპალიტეტებში საქმე არ აქვთ, რადგან არაფერი კეთდება. მაშინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს, ყველა ფუსფუსებდა, ყველგან მშენებლობა და რემონტი მიმდინარეობდა. ახლა კი ვიღაცამ ხელი გამოწია და დაქოქილი ძრავი გამორთო ქუთაისში,“ – ამბობს გოგისვანიძე.
თუმცა როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, ქუთაისის მერიაში სამუშაო რეჟიმი დაცულია და არანაირ დარღვევებს ადგილი არ აქვს.
„დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ყველა თანამშრომელი ადგილზეა და მუშაობაც ჩვეულ რეჟმში მიდის ქუთაისის მერიაში. ამ მხრივ წარმოებს ელექტრონული კონტროლი და ამ დრომდე დარღვევები არ დაფიქსირებულა,“ – ამბობს ტატო ლილუაშვილი.
ავტორი: ანა ჯანაშია