|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერი სტრასბურგში მიემგზავრება - რა კავშირი აქვს ვიზიტს გადადგომასთან?

როგორც newpress.ge-სთვის გახდა ცნობილი, ქუთაისის ყოფილ ვიცე–მერების, თენგიზ თოფირიძისა და კოტე ლომიძის მსგავსად, თანამდებობის დატოვებას კიდევ ერთი ვიცე–მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაჭკაჭიშვილი რამდენიმე დღეში საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში მიემგზავრება.

ნიკო კაჭკაჭიშვილი ინფორმაციას მისი გადადგომის შესახებ უარყოფს. თუმცა, მან Newpress.ge-სთან სატელეფონო საუბარში დაატასტურა, რომ საფრანგეთში ორშაბათს, რამდენიმე დღით, მიემგზავრება.

"ამ ვიზიტს გადადგომასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს უბრალოდ დამთხვევაა,"– აცხადებს ნიკო კაჭკაჭიშვილი.

კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ქუთაისი 2006 წლიდან „სტრასბურგის კლუბის“ წევრი ქალაქია და მან კლუბის საზეიმო მიღებაზეოფიციალური მიწვევა პირადად სტრასბურგის მერისგან მიიღო.

რაც შეეხება კიდევ ერთ ვიცე–მერს, გია შარაბიძეს, მას გადადგომის თაობაზე ჯერჯერობით განცხადება არ დაუწერია. არსებული ინფორმაციით, შარაბიძის მიერ თანამდებობის დატოვება "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოჩა თევდორაძეს არ სურს  და ამ დრომდე შარაბიძე პოსტზე რჩება.

"თუ შარაბიძე დარჩება ვიცე–მერის პოსტზე, ქუთაისში გოჩას ეპოქა კიდევ დიდი ხნით გაგრძელდება. ახალ მერს უნდა მიეცეს სრული თავისუფლება კადრების დაკომპლექტებაში," – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი, სულხან ქობულაძე.

მისი თქმით, შარაბიძის გადადგომის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციები აქციებს გამართავენ.  

ავტორი: დეა მანაგაძე