|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მონტაჟის შესწავლას მერია აფინანსებს

ქუთაისის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სამონტაჟო პროგრამა პრემიერის შესასწავლად მერიამ 2200 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, ქალაქში არსებული უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში აცხადებენ, რომ  "პრემიერის" სასწავლო ტრენინგის ჩატარების იდეის ავტორი საინფორმაციო სააგენტო „info9“- ის ჟურნალისტი, გიორგი მჟავანაძეა, რომელმაც სტუდენტებს სამონტაჟო პრაქტიკულ კურსი უნდა შეასწავლოს.

„ჩვენ გვაქვს დამატებითი სატრეინინგო კურსები, უნივერსიტეტს კი თავისი. ეს ტენდერი გამოაცხადა და განახორციელა ქუთაისის მერიამ, სტუდენების შერჩევაც მათ უნდა გააკეთონ.  მერია არის  ამის ინიციატორი,  ამიტომ მიმართეთ მათ,“ - განაცხადა  გიორგი მჟავანაძემ „ახალ გაზეთთან“ საუბრისას.

ქუთაისის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვანო ბუხაიძის თქმით, გიორგი მჟავანაძის მიერ წარგენილი პროექტი მერიის საქალაქო სამსახურისთვის საინტესესო აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ მოხდა მისი დაფინანსებაც.

„ვალდებულები ვართ დავეხმაროთ სდუდენტებს, რადგან უნივერსიტეტი ამას არ აკეთებს. გვინდა, რომ სტუდენტებს პრობლემები ნაწილობივ მაინც გადავუჭრათ. თუმცა, ეს  პირდაპირ უნივერსიტეტის ინტერესებში შედის,“ - განაცხადა ვანო ბუხაიძემ.

მისი თქმით, უნივერსიტეტს ამ პროექტის  თაობაზე მერიისთვის არ მიუმართავს. თავის მხრივ, უნივერსიტეტში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც გაირკვა, სამონტაჟო პროგრამას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მე–4 კურსიდან შეისწავლიან. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით კი აღნიშნულ პროექტში პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ჩაერთვებიან.

გიორგი მჟავანაძის თქმით, პროექტში მონაწილე სტუდენტებს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური შეარჩევს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტრენინგში მონაწილეობას 35 სტუდენტი მიიღებს. 

სამონტაჟო პროგრამის შესასწავლად მერიამ ტენდერი 4 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება ხვალ, 25 ნოემბერს იწურება.

ავტორი: თამუნა ადეიშვილი, დეა მანაგაძე