დევნილები, რომელთა შემოსავალი 1250 ლარს აღემატება შემწეობას აღარ მიიღებენ
დევნილები, რომელთა შემოსავალი 1250 ლარს აღემატება შემწეობას აღარ მიიღებენ, - ამის შესახებ ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა განაცხადა. დავით დარახველიძის თქმით, აღნიშნული ნორმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც დევნილთა შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტი დამტკიცდება და ძალაში შევა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულისთვის საჭიროა ინფორმაცია გადამხდელების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, ასევე, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
"როგორც ცნობილია, დევნილთა სამინისტრო ახორციელებს დევნილთა ბაზის განახლებას. ასევე მომზადებულია ახალი კანონპროექტი დევნილთა შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შემწეობების გაზრდას გარკვეული შეზღუდვით - ის დევნილები, რომელთა შემოსავალი აღემატება 1250 ლარს, კანონის ძალაში შესვლის დღიდან შემწეობებს აღარ მიიღებენ", - განაცხადა დარახველიძემ.
ავტორი: ნიუპრესი