|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში სახელმწიფო სტიპენდიის მქონე სტუდენტთა რიცხვი შემცირდა

ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სახელმწიფო სტიპენდიის მქონე სტუდენტთა რიცხვი შემცირდა. თუ აქამდე თითოეულ ჯგუფში სახელმწიფო სტიპენდიით 8 სტუდენტი სარგებლობდა, ამჟამად ის მხოლოდ 2 სტუდენტზე გაიცემა. დანარჩენი სტუდენტები კი საუნივერსიტეტო სტიპენდიით დააკმაყოფილეს. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ ის სტუდენტები, რომელთაც სემესტრის ბოლოდან სახელმწიფო სტიპენდიის ნაცვლად საუნივერსიტეტო სტიპენდია დაურგიდათ. 
"ახლახანს გავიგე, რომ სახელმწიფო სტიპენდიით ვეღარ ვისარგებლებ და საუნივერსიტეტო სტიპენდია დამენიშნება. თუმცა, კითხვაზე თუ რატომ მოხდა ასე, პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ სამინისტროდან ასეთი ბრძანება ჩამოვიდა. 97 ქულა მაქვს და საუნივერსიტეტო სტიპენდიაზე გადამიყვანეს მაშინ, როცა სხვა ფაკულტეტებზე ამ ქულების მქონე სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიით დღემდე სარგებლობენ," – ამბობს აკ. წერეთლის სახელობის უნივერისტეტის სტუდენტი, თინათინ გურგენიძე. 
მისივე თქმით, უცნობია რა კრიტერიუმით მოხდა შეფასება ვის მიეცემოდა სახელმწიფო სტიპენდია. სტუდენტების განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული კულუარული ინფორმაციით, სახელმწიფო სტიპენდიების გაცემა, შესაძლებელია, ისევ მოხდეს. 
კ. წერეთლის სახელობის უნივერისტეტში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტიპენდიიდან საუნივერსიტეტო სტიპენდიაზე გადაყვანა არ ხდება.
"კონკურსი ტარდება ყოველთვის ხელახლა, ყოველსემესტრულად, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით და სტუდენტი მთელი სემესტრის განმავლობაში ინარჩუნებს სტიპენდიას," – აცხადებს აწსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კოტე სირბილაძე.
კ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სტიპენდია 583 სტუდენტს ეძლევა, რომელთა ქულები 91 და მეტს შეადგენს. აქედან, სახელმწიფო სტიპენდია 305 სტუდენტზე გაიცემა.
ამჟამად, სახელმწიფო სტიპენდია 150 ლარს შეადგენს, ხოლო საუნივერსიტეტო 50 ლარის ოდენობით განისაზღვრება. 
  

ავტორი: ანა ჯანაშია