|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირმა ინაშვილი უშიშროების მიერ newpress.ge-სთვის გაკეთებულ კომენტარზე განცხადებას ავრცელებს

"ომი გინდოდათ? - მიიღებთ" - ასე ეხმაურება მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის, ზაზა მეფარიშვილის მიერ newpress.ge-სთვის გაკეთებულ კომენტარს, სადაც ის "პატრიოტთა ალიანსზე" ზეწოლას უარყოფს.
ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში უფლებადამცველებს მიმართავს და ზაზა მეფარიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. 
"იმერეთის უშიშროების სამსახურის უფროსი, მეფარიშვილი განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ დეპუტატებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ანუ ტყუილში მადანაშაულებს. აბა, ფრაქციიდან წამოსული დეპუტატები ხომ არ ადასტურებენ ამასო?! 
როდის იყო, კაცზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ეს კაცი ფრაქციას სტოვებდა, ქმნიდა ახალ ფრაქციას და მერე საჯაროდ აღიარებდა, რომ მასზე ზეწოლა მოხდა... გამახსენეთ, ერთი მაგალითი მაინც! მეორე - არსებობს დამადასტურებელი მასალა, როგორ შედიან იმერეთის სამხარეო უშიშროების სამსახურის შენობაში ქუთაისის საკრებულოს წევრები. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სხვათა შორის. რა საქმე ჰქონდათ დეპუტატებს უშიშროების შენობაში, ხომ ვერ განმარტავს ბატონი მეფარიშვილი? ბოლოს, არ გეგონოთ, რომ ვინმე გაჩერდება და თვალს დახუჭავს ამ ფაქტზე. ვითხოვთ გამოძიებას. მე ჩავწერე ინტერვიუ საკრებულოს წევრთან, რომელიც უშიშროების თანამშრომლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ველოდები, რომ პროკურატურიდან დამიკავშირდებიან და მოითხოვენ ამ მასალებს. არ მომწონს ადამიანის უფლებათა დამცველების საეჭვო დუმილი, ამ ფაქტის ირგვლივ. ყველას მივმართე. სად ხართ? რომელ კუნძულზე? რომელი დემოკრატიის რომელ პუნქტს იცავთ? თუ გაგაჩუმეს? ბატონო ზაზა, მგონი, რაღაცა არ გესმით. ჩვენ თქვენს გათავისუფლებას ვითხოვთ დაკავებული თანამდებობიდან.
ომი გინდოდათ? მიიღებთ," - აცხადებს ირმა ინაშვილი.

ავტორი: ნიუპრესი