მიუსაფართა თავშესაფარი ქუთაისშიც გაიხსნება
მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისმა ჯგუფმა პირველი გადაწყვეტილებები მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დღის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერიასთან ერთად, მოიძიებს და გამოყოფს ტერიტორიას, სადაც რამდენიმე ვაგონი და კარვები განთავსდება იმისათვის, რომ იქ სასწრაფოდ მოეწყოს მიუსაფარ ადამიანთა საცხოვრისები. ეს, პირველ რიგში, იქნება იმ ხალხისთვის, რომლებსაც ღია ცის ქვეშ უწევთ ღამის გათევა. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ცხელი საკვებით, სამედიცინო დახმარებითა და სხვა დამატებითი საჭიროებებით.
სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის გარეშე მყოფ ადამიანთა რაოდენობისა და მათი შეკრების ადგილის შესახებ ძირითადი საინფორმაციო ბაზა არსებობს, თუმცა, იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ადამიანი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ, პროცესში ჩართული იქნება, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. მოხდება 112-ზე შემოსული ინფორმაციის გადამოწმება და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეს ადამიანები გადაყვანილნი იქნებიან დროებით თავშესაფარში.
რეგიონული განვითარებისა დ ინფრასტრუქტურის დავით ნარმანიას ინფორმაციით, მიუსაფართა დახმარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებსაც შეეძლებათ ჩართვა. მინისტრის განცხადებით, დედაქალაქის გარდა, თავშესაფრები ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავშიც გაიხსნება. როგორც ნარმანია აცხადებს, ყველა სამინისტროს აქვს შესაბამისი საშუალება იმისათვის, რომ არაფულადი საშუალებების მობილიზება მოახდინოს და აღნიშნული პრობლემა გადაჭრას. "თუ დამატებით ფინანსური სახსრები გახდა საჭირო, მისი მობილიზებაც მოხდება", - განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უწყებათაშორისი ჯგუფი, გარდა პრობლემის მოკლევადიანად გადაჭრისა, საშუალოვადიან და ხანგრძლივ შედეგზე გათვლილ გეგმებზეც მუშაობს.
"მოხდება კაპიტალური შენობის მოძიება, რომელსაც სწრაფ ადაპტაციას გავუკეთებთ, მოვახდენთ მის თერმოიზოლაციას, განვათავსებთ საწოლებს და შევქმნით ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელ პირობებს", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართულები იქნებიან სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები, ექიმები და ექთნები, რათა მოხდეს ამ ხალხის სამედიცინო უზრუნველყოფა.
ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გუშინვე გაიმართა. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნარმანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის, ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ჯგუფის მუშაობაში, ასევე, ჩაერთვებიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.
სამუშაო ჯგუფი დღეს 11:30 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კვლავ შეიკრიბება.
ავტორი: ნიუპრესი