არ არსებობს პოზიტიური დისკრიმინაცია, დისკრიმინაცია ყოველთვის ცუდია - ფოტოგამოფენა ქუთაისში
ქუთაისში თიბისი ბანკის გალერეაში, ფოტოგამოფენა გაიმართა. ღონისძიება მოეწყო ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის "შშმ ახალგაზრდების ინტეგრაცია სოციუმში" ფარგლებში.
როგორც პროექტის ორგანიზატორებმა, "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ქუთაისის ფილიალისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ქუთაისის ფილიალს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პროექტი მიზნად ისახავს წვლილის შეტანას შეზღუდული შესაძლებლობის პირების საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესში.
ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა შშმ პირების უშუალო ჩართულობით.
4 დღის განმავლობაში
მათ ჩაუტარდათ ტრენინგები, მასტერკლასები ფოტოგრაფიაში. სწორედ ამ ტრენინგის მონაწილე შშმ და არა შშმ პირების ფოტოები
გამოიფინა გალერეაში.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ არაადაფტირებულ გარემოზე, არასათანადო საკანონმდებლო ბაზაზე და ბევრ სხვა პრობლემაზე, რასაც აწყდებიან შშმ პირები. "ეტლით მოსარგებლე პირს ელემენტარულად სურვილი რომ გაუჩნდეს მოვიდეს დღის ცენტრში ან თეატრში ამას ჭირდება სპეციალურად დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი, ასევე დაქირავებული ორი მოხალისე, რომელიც აიყვანს და ჩასვამს ამ მარშუტში, ეტლითაც ვერ წავა დამოუკიდებლად და ა.შ. ამ ღონისძიებით გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რამდენი პრობლემის წინაშე დგება შშმ პირი", - ამბობს "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ფსიქოლოგი და პროგრამების კოორდინატორი ლიკა მხატვარი.
არაადაფტირებულ გარემოსა და არასათანადო ინფრასტრუქტურის გარდა, საუბარი შეეხო დისკრიმინაციის პრობლემასაც. "თუ ზოგად შეფასებას მივცემთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, პირველ რიგში მადარდებს ის, რომ შშმ პირები თითქოს რაღაც ცალკე კატეგორიას განეკუთვნებიან. ეს დაყოფა შშმ პირთა ორგანიზაციებშიც იგრძნობა. ადგილი აქვს, როგორც დღეს უწოდებენ, პოზიტიურ დისკრიმინაციას. მე მგონი როგორც შური არ არსებობს კარგი და ცუდი, ისე არ არსებობს კარგი და ცუდი დისკრიმინაცია. დისკრიმინაცია არსებობს ყოველთვის ცუდი", -აღნიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს უფროსი გელა ბერაძე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი