ქუთაისელი "ნაციონალი" ყოფილ "პატრიოტებზე" - არჩევნებამდე ორი პარტიის გამოცვლას კიდევ მოასწრებენ
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსიდან" გასულ წევრებს "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ მიმართა. უკლებას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე, ყოფილი "პატრიოტები" რამდენიმე პარტიის გამოცვლას კიდევ მოასწრებენ.
"სახალისო საკითხია. პარტიების ცვლილების ისეთი ტემპია აღებული, რომ ეს ადამიანები არჩევნებამდე ერთი–ორი პარტიის გამოცვლას კიდევ მოასწრებენ. თუმცა მათ არავითარ შემთხვევაში არ ვეპატიჟებით "ნაციონალთა" რიგებში "– ამბობს გია უკლება.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხუთმა წევრმა ფრაქცია ოფიციალურად დღეს დატოვა.
სერგო ლექვინაძე, ლევან კირკიტაძე, გიორგი შავგულიძე, მერაბ მეშველიანი, ირინა ივანეიშვილი, ეს ის ადამიანებია, რომლებიც "პატრიოტთა" რიგებს ორი კვირის წინ გამოეთიშენ.
ყოფილი "პატრიოტების" ფრაქციიდან წასვლის შესახებ, ოფიციალური განცხადება საკრებულოს აპარატის უფროსმა, ივანე ჟორჟოლიანმა დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" ამ დროისათვის 7 დეპუტატი ირიცხება.
ავტორი: ანა ჯანაშია