გიორგი მშვენიერაძე-საქართველოში ტოლერანტობის გაგება გათანაბრებულია გულგრილობასთან
ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, ჰომოსექსუალთა უფლებები და ჰომოფობია - ეს ის საკითხებია, რომლებიც ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის
წევრებმა განიხილეს.
"ქართველთა უმეტესობა "სხვისი ჭირი ღობის ჩხირი"-ს პრინციპით მოქმედებს. ეს პრობლემა საქართველოში ბოლო წელს განვითარებული მოვლენებით გამოჩნდა. მაგალითად, ნიგვზიანში მომხდარი ფაქტი, სამთაწყარო, წინწყარო,17 მაისი, როცა ადამიანები ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მათ დაუპირისპირდა ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელთაც ჰქონდათ კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან,"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივები"-ს წარმომადგენელი, გიორგი მშვენიერაძე.
მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰომოფობიურად არის განწყობილი, რაც იმით არის გამოწვეული,
რომ საზოგადოების უმეტესობას განსხვავებულისადმი
შიშის გრძნობა უჩნდება.
"ტოლერანტობა არის ერთ-ერთი, რასაც ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ახალი სახელმწიფოს აშენება. თუ არ იქნა მიღწეული საერთო კონსესუსი და მშვიდობა, სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია. ჰომოფობია არის ირაციონალური შიში განხსვავებულისადმი, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით სხვა ადამიანებისადმი და ხშირ შემთხვევაში, ეს შიშები პროვოკაციას უკეთებს ახალ ძალადობას,"- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
მშვენიერაძემ ასევე ადამიანის უფლებების კუთხით, საქართველოს უახლოეს წარსულში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.
"30-იან წლებში ბაბუაჩემი დახვრიტეს, მაგრამ ამას ჩემი ოჯახის და საზოგადოების პროტესტი არ მოჰყოლია, რადგან თავისუფლებისა და ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვის ნიადაგი არ არსებობდა. ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ ისინი ისტორიულად ტოლერანტულები არიან, თუმცა, სამწუხაროდ, ეს განცდა განცდად რჩება. ტოლერანტობის გაგება გათანაბრებულია გულგრილობასთან, ინდიფერენტულობასთან. ადამიანებს არა აქვთ სწორი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ეს დეზინფორმაცია კვებავს შემდგომში მათ შიშებს და ძალადობას," -ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
ავტორი: ლანა კოკაია