რიონის არხში ახალგაზრდის ცხედრის პოვნა წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდა შესაძლებელი
ქუთაისში მდინარე რიონის არხში მაშველებმა 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი დილით იპოვეს. მხარისა და ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები დილის 7 საათიდან მას შემდეგ განაახლეს, რაც ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს არხში წყლის დონის დაკლების თხოვნით იმერეთის გუბერნატორმა მიმართა.
შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"გუბერნატორი კოორდინირებული და პროფესიონალურად შესრულებული სამუშაოსთვის მადლობას ენერგეტიკის სამინისტროს, სახელმწიფო ელექტროსისტემის სადისპეჩერო სამსახურის უფროსს უჩა უჩანეიშვილს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს უხდის," - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
ავტორი: ნიუპრესი