სოფელ ქვიტირის საძოვრებზე კომერციულ სასაფლაოს აწყობენ
სოფელ ქვიტირის, ე.წ ჭეიშვილების უბნის მოსახელობა სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, მიწის ფართობის კერძო სასაფლაოს მოსაწყობად გასხვისებას აპროტესტებს. ისინი სოფლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებაში ადგილობრივ გამგეობას და წყალტუბოს რაიონის საკრებულოს ადანაშაულებენ.
ქვიტირის სასაფლაოს მიმდებარე მიწის ფართობს სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში საძოვრებად იყენებდა. მათი განცხადებით, საძოვრების გასხვისების თაობაზე მათ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. თუმცა, როგორც გაირკვა, აღნიშნული ტერიტორია 2007 წლიდან არაერთი კერძო მფლობელის საკუთრებაში იმყოფება.
ამჯერად, ქვიტირის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრე შპს "განთიადი 2013"–ია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნული შპს 2013 წლის 12 სექტემბერს დარეგისტრირდა.
სოფლის მოსახლეობის თქმით, შპს "განთიადი 2013" მესვეურებს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის გამოყენება ბიზნესინტერესებისთვის სურთ, რადგან მასზე კომერციული სასაფლაოს მოწყობას გეგმავენ.
"დაიტაცეს სოფლის მიწები ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. სასაფლაოები აქციეს მომგებიან ბიზნესად,"
– აცხადებს ქვიტირის მცხოვრები, მამუკა ჭეიშვილი.
მოსახლეობა სოფლის კუთვნილი მიწის უკანონოდ გასხვისებაში და მათი ინტერესების უგულებელყოფაში ქვიტირის ყოფილ გამგებელს, ზაზა ჭეიშვილს ადანაშაულებს. ზაზა ჭეიშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილება ორი კვირის წინ შეუწყდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, newpress.ge-იმ მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.
ქვიტირის მოსახლეობის პროტესტს კიდევ ერთი ადრესატი, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც კახა ბაბუნაშვილი ამბობს, ის შპს "განთიადი 2013"–ის წარმომადგენლებს პირადად არ გასაუბრებია და მათთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ბაბუნაშვილის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასაფლაოს მოწყობას საკრებულო მესაკუთრეს ვერ აუკრძალავს და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ სიტყვიერი რჩევით შემოიფარგლება.
სოფელ ქვიტირის მოსახელობის მტკიცებით, შპს "განთიადი 2013"–ის მხრიდან მათთან მოლაპარაკებას დავით ჯანელიძე აწარმოებდა. თავის მხრივ ჯანელიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფირმის ერთ-ერთი თანამფლობელი მისი მეუღლეა, რომელსაც დახმარება სამშენებლო საკითხებში გაუწია. თუმცა, მისი თქმით, ქვიტირის მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, მშენებლობა შეჩერებულია და მოეწყობა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე კომერციული სასაფლაო, წყალტუბოს საკრებულოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ავტორი: დეა მანაგაძე