|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაზ მარგველაშვილი – თანამდებობებზე იქამდე დავრჩები, ვიდრე საკრებულოს უმრავლესობა მხარს დამიჭერს

"საბედნიეროდ არც  მამუკა მღვდელაძის და არც მანანა მანაგაძის გადასაწყვეტი არაა თუ ვინ იქნება ქუთაისში საკრებულოს და საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე,"– ამ სიტყვებით გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოსა და  საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.

აღნიშნული ბრალდებები დღეს მერიის წინ გამართულ აქციაზე გაჟღერდა. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, და კომისიის დაშლას ითხოვდნენ, კომისიის არაეფექტური მუშაობის გამო.

"მაინტერესებს ბატონი მამუკა  როდის მიხვდა, რომ კომისია არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, როცა კომისიამ  დაამთავრა მუშაობა თუ მაშინ როცა კომისიამ იმ პიროვნებებს არ მისცა წარდგინება, რომელსაც ლობირებდა თვითონ? მანანა მანაგაძე კი, რომელიც არასამთავრობოს წარმომადგენელია, მუშაობს ნიკეას ტერიტორიულ ორგანოში. ასე რომ ის არის საჯარო მოხელე და არ შეიძლება ერთდროულად იყო საჯარო მოხელე და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი," – აღნიშნა თამაზ მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმითვე მისი თანამდებობის დაკავების, თუ დატოვების საკითხს საკრებულოს უმრავლესობა წყვეტს. 

"ორივე თანამდებობა მე დავიკავე  უმრავლესობის გადაწყვეტილებით და თანამდებობეზე იქამდე დავრჩები, ვიდრე საკრებულოს უმრავლესობა მხარს დამიჭერს," – განმარტა მარგველაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე რჩევებსაც იძლევა ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარის მისამართით. 

"უკეთესი იქნება საკუთარ ფრაქცაის მეტი დრო დაუთმოს და თავისი ფრაქციის წევრებს და  თავის თანამდებობას მიხედოს. ფრაქცია რომელიც არსებობს  წელიწადია უკვე ქუთაისის საკრებულოში, არც არავის გახსენებია საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ტელეფონითაც კი არავინ შეხმიანებია," – განმარტავს თამაზ მარგველაშვილი. 

რაც შეეხება აქციაზე გაჟღერებულ ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობის მუქარას საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს მათი  ნებაა, თუნდაც მთელი ქალაქი მოიცვან ამ ფართომასშტაბიანი აქციებით, მათი მოთხოვნა სხვა არის, საკრებულოს მუშაობა სხვა, – აცხადებს მარგველაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი