შაბათი, 07 ივნისი, 2025 წელი 07:41:40
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორპუსების წინ "ალფა+"-ის დაგეგმილ მშენებლობას მერიაში მიზანშეწონილად არ თვლიან

ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, ანდო მარჯანიშვილი გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების პროტესტს, "ალფა+"-ის მშენებლობასთან დაკავშირებით.  
მარჯანიშვილი ირწმუნება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება უკანონო არ არის. თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული. 
"არც მე მომეწონებოდა, ჩემი სახლის ფანჯრიდან გახედვის ან მზის მიწოდების პრობლემა რომ მქონდეს. თუმცა, ამ ობიექტის მშენებლობა როგორც ასეთი,  უკანონო არ არის, მაგრამ არც მიზანშეწონილია, რადგან მოსახლეობა რჩება უკმაყოფილო", - ამბობს მარჯანიშვილი. 
მარჯანიშვილის განმარტებით, პროექტის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა აუცილებლად მოხდება.
მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ  ჯავახიშვილის და რუსთველის ქუჩების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი (სადაც "ალფა+" ობიექტის მშენებლობას გეგმავს)  წლების წინ, ნუგზარ შამუგიას მერობის დროს არის გასხვისებული. მისივე თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირზე, მერაბ კუკუტიაზე არის გაცემული, რომელმაც მოგვიანებით ტერიტორია შპს "ალფა+" გადასცა. 
ტერიტორიაზე ობიექტის მშენებლობის ნებართვა პირველად 2013 წლის 23 იანვარს გაიცა. თუმცა, მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული ნებართვის გადავადების ბრძანება გასული წლის 20  აგვისტოს გამოიცა.   

ავტორი: თეკლე მორგოშია