|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი დღეს მუშაობას განაახლებს

პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომების ფორმატში მუშაობას განაახლებს. 12:00 საათისთვის პარლამენტის ბიუროს სხდომა დაინიშნა. პლენარული სხდომა კი 14:00 საათზე დაიწყება. 
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭო და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების საკითხი ის ძირითადი თემებია, რაზეც პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატში იმსჯელებს.
პარლამენტმა დეკემბრის ბოლო სესია "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვით დაასრულა, თუმცა კოდექსსა და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტზე მუხლობრივი მსჯელობა დასრულებული არ არის და სწორედ ამ თემით განახლდება დღევანდელი რიგგარეშე სხდომა. 
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, დღის წესრიგში შევა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის საკითხი. კერძოდ, საუბარია იმ სამი კანდიდატის დამტკიცებაზე, რომელიც პარლამენტმა ბოლო სხდომაზე "ჩააგდო", თუმცა ისინი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში ხელმეორედ არიან წარდგენილი. ისინი არიან: სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ლელა გაფრინდაშვილი, უმცირესობის მიერ შერჩეული ნინია კაკაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გენადი გელაძე.
ასევე პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვაკანტურ ადგილზე ერთ წევრს დაამტკიცებს.
სავარაუდოდ პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე, მეორე მოსმენით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონპროექტსაც დაამტკიცებს, რადგან ის წამყვანმა - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა. 
რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგს დღეს ბიურო დაადგენს.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი