"ენერგო პრო ჯორჯია" ქუთაისის მერიის წინ მომხდარ ფაქტზე - არც მოქალაქეს და არც მერიას ჩვენთვის არ მოუმართავს
ქუთაისში მცხოვრები რუსლან ცოკოლანის მიერ ელექტროენერგიის მოთხოვნით მერიის წინ სახის დასერვის ფაქტზე "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის პრესსამსახურში კომენტარს აკეთებენ.
როგორც კომპანიის პრესსამსახურის მთავარი სპეციალისტი, თეონა გეგუჩაძე newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით მათთვის განცხადებით ამ დრომდე არც ქუთაისის მერიას და არც თავად მოქალაქეს, რუსლან ციკოლანს მიუმართავს.
"გადავამოწმე ინფორმაცია და ჩვენთვის განცხადებით არც მერიას და არც ციკოლანს არ მოუმართავს. თუმცა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა გაჭირვებულ მოქალაქეს აძლევს ფართს, აუცილებელია მერიამაც და ამ მოქალაქემაც განცხადებით მოგვმართოს. რის შემდეგაც კომპანია უსასყიდლოდ მოახდენს გამრიცხველიანებას და მომხმარებლის აბონენტად აყვანას,"- ამბობს თეონა გეგუჩაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მცხოვრებმა რუსლან ციკოლანმა მერიის წინ დღეს ბასრი იარაღით სახე დაისერა. ციკოლანი ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუქის ჩართვას ითხოვდა, რისთვისაც პროტესტის უკიდურესი ფორმა გამოიყენა. აღნიშნულ ინცინდენტზე ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მერია ცოკალანს ბინით დაეხმარა, ხოლო ელექტროენერიის საკითხის მოგვარება მათზე არ არის დამოკიდებული.
ავტორი: ანა ჯანაშია