|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის წაყვანაზე უარი განაცხადა

ქუთაისის საკრებულოს მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა სხდომის წაყვანაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მარგველაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი, როგორც მერის შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, დარბაზში შენიშვნები გაჟღერდა.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მიმართ ტალახის სროლა ადვილია, ხოლო რთულია იმის დანახვა თუ რამდენად დიდი შრომა ჩაიდო მის მუშაობაში.
მან საკრებულოს დეპუტატების წინაშე ქრონოლოგიურად წარმოადგინა კომისიის მუშაობა და მისი პრეროგატივა.
"კომისია გასული წლის აპრილში შეიქმნა და მის მიმართ უნდობლობა თავიდანვე გაჩნდა. კომისიას ფუჭად არ უმუშავია. მან მერი შეარჩია დიმიტრი კოპალიანის სახით და ვიცე-მერები. თუმცა, მის შემდეგ, რაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა მღვდელაძემ სიზმარი ნახა, კომისიის მიმართ პრეტენზიები გაჩნდა. მღვდელაძე პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილებებზე, რაც კომისიამ მიიღო," - განაცხადა თამაზ მარგველაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე იმ პირთა სია წაიკითხა, რომელიც კომისიამ გამოცხადებულ ვაკანსიებზე (მერიის სამსახურის უფროსები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები) მიიღო. მარგველაშვილის განმარტებით, 38 ვაკანსიაზე შერჩეული კანდიდატებიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო.
"ამიტომაც ვერ მივიღებ შენიშვნას, რომ კომისია პარტიულ დავალებებს ასრულებდა," - განაცხადა მარგველაშვილმა.
მერის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრს, მამუკა მღვდელაძეს კი კომისიის დატოვების გამო, საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატებმა "აფერისტი" უწოდეს.
"შენ ხარ აფერისტი, რადგან კომისია მას მერე დატოვე, რაც მან მუშაობა დაასრულა," - განაცხადეს "ნაციონალმა" დეპუტატებმა მღვდელაძის მისამართით.

ავტორი: თეკლე მორგოშია