არასამთავრობოთა განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე
არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისგან
გათავისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს,
ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პროფესიონალი, საზოგადოების ნდობით
აღჭურვილი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი კანდიდატებისგან დაკომპლექტება ამ პროცესის
მნიშვნელოვანი ეტაპია.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, რადგან მათი საქმიანობა ღიად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართა.
„კომისიის საქმიანობის ხარისხი აისახა პარლამენტისთვის წარდგენილ 27 კაციან სიაში,
რომელიც პარლამენტსა და უფლებამოსილ სუბიექტებს აძლევდა არჩევანის საკმაოდ ფართო შესაძლებლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას სხვადასხვა
ხელისუფლებების პირობებში დემოკრატიული პროცესებისადმი გარკვეული უნდობლობა ჩამოუყალიბდა,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი ცხრაკაციანი
სამეურვეო საბჭოს სახით, არამედ ის თუ როგორ ხდება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა
შერჩევა. სამწუხაროდ, კომისიის მიერ პროცესისადმი მაღალი სანდოობის მოპოვების შემდგომ,
პარლამენტმა ვერ მოახერხა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ეჭვქვეშ არ დაეყენებინა
საკუთარი ნება გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური
გავლენისგან,“ – – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
არასამთავრობოები
მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, ახალი კონკურსის ორგანიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს
მისი ჩატარება ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში, რათა მათ მიერ პროცესისადმი
უკვე მოპოვებული ნდობა საბჭოს დაკომპლექტების საბოლოო შედეგში იყოს გარანტირებული.
„ასევე, მოვუწოდებთ
პარლამენტს მიიღოს დროული
და ეფექტიანი გადაწყვეტილება, რათა ახალმა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური
და საზოგადოებრივი პროცესების, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების შესახებ მოსახლეობის შეუფერხებლად და თავისუფლად ინფორმირების მიზნით,“
– ნათქვამია განცხადებაში.
2014 წლის 23
იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების
მეორე ეტაპის კენჭისყრა. ორივე
ეტაპის კენჭისყრის შედეგად, ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა.
აღნიშნულ განცახებას არასამთავრობო ორგანიზაციები "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და "მედიის განვითარების ფონდი" ავრცელებენ.
ავტორი: ნიუპრესი