ირაკლი ღარიბაშვილი მუხროვანის კადრებზე - ეს არის შეკვეთილი მკვლელობა
ეს არის ანგარებით მოტივირებული, შეკვეთილი მკვლელობა, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც 29 იანვარს ინტერნეტში გავრცელდა.
"ეს კატასტროფაა ჩემი შეფასებით. ჩვენ ყველანი ვართ გაოცებულები. ამას უფრო კომპეტენტურად შეაფასებენ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ჩემი, როგორც მოქალაქის აზრით, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ, ფაქტრობრივად, გავხდით მოწმე იმისა, თუ როგორ დაუკვეთა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ორი გვამის ორგანიზება – ორი ადამიანის ლიკვიდაცია. ესაა ანგარებით მოტივირებული შეკვეთილი მკვლელობა. ესაა ჩემი მხრიდან შეფასება", - აცხადებს ღარიბაშვილი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი პროკურატურას მოუწოდებს, "ძალიან მალე გახსნას" ეს საქმე.
"დანარჩენს გამოძიება გაარკვევს. მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ძალიან მალე გაიხსნას ეს საქმე. თუ გამოძიება გამოკვეთს ამ პროცესში სხვა ადამიანების ჩართულობას, ის გააკეთებს ამაზე კომენტარს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ავტორი: ნიუპრესი