არა სოჭის ოლიპიადას! - ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქცია ქუთაისში
არა- რუსულ ძალადობას,
არა-რუსულ ოკუპაციას! არა სოჭის ოლიმპიადას! - ეს იყო ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც
დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქციის მონაწილეებმა გაახმოვანეს.
ოკუპაციის წინააღმდეგ
მიმართული აქცია არასამთავრობო ორგანიზაციამ "მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის"
გამართა.
"ჩვენი მიზანია
მოვუწოდოთ ჩვენს სპორტსმენებს, არ მიიღონ მონაწილეობა პუტინის სამარცხვინო ოლიმპიადაში.
ასევე, კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენ არ გამოვხატავთ ერთიან პროტესტს და არ
ვდგავართ ერთად, მაშინ დაშლილ და დარღვეულ ერს ყველა ადვილად ერევა," - განახცადა
ორგანიზაცია "მოძრაობა დამოუკიდებლობისა
და ევროინტეგრაციისათვის" დამფუძნებელმა, ანდრო ბარნოვმა.
მისივე თქმით, სპორტსმენები
გმირები გახდებიან, თუ დააფიქსირებენ თავიანთ
მოქალაქეობრივ პოზიციას და უარს იტყვიან სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. "აგრეთვე,
მოვუწოდებ ხელისუფლებას დაიცვან მათი მოქალაქეობრივი პოზიცია და ნუ ახორციელებენ ზეწოლას
ოლიმპიურ კომიტეტზე და საერთოდ საზოგადოებაზე,"
- განაცხადა ბარნოვმა.
"ეს არის დიდი
საფრთხის შემცველი ეროვნული უსაფრთხოებისათვის, რადგან რუსეთი არაერთ პროვოკაციას ახორციელებს
საქართველოს მისამართით, მაგალითად სულ რამდენიმე კვირის წინ მათ აფხაზეთში 11 კილომეტრით საზღვარი გადმოწიეს
და გაზაფხულზე მოსალოდნელია მსგავსი პროვოკაციების გახშირება" - აცხადებს
"თავისუფალი ზონის" წევრი ელისო კეთილაძე.
სოჭის ოლიმპიადის
წინააღმდეგ აქცია დღეს დილიდან დაიწყო თბილისში. ანალოგიური აქცია შემდეგ გაიმართა
გორში და თელავში. ქუთაისიდან კი აქცია ზუგდიდში
გადაინაცვლებს.
ავტორი: ლანა კოკაია