ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი - რეაბილიტაციისთვის არა 4, არამედ 15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი
ქუთაისში, ოპერის თეატრში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ თეატრიის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციაც გაავრცელა.
მისი თქმით, ოპერის თეატრის რეაბილიტაციისთვის ოფიციალურად გაცხადებულ 4 მილიონ ლარზე გაცილებით მეტი იყო გამოყოფილი. "ოპერის თეატრის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი კი არა 15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი", - აღნიშნა ვედმედევამ. ამასთან რეაბილიტაციაზე არა მხოლოდ ერთი ფირმა შპს "დაგი" მუშაობდა, არამედ ბევრი სხვა ფირმაც.
"აღნიშნული საკითხით პროკურატურაა დაინტერესებული", -აღნიშნა ხატია ვედმედევამ.
ბრიფინგზე გაჟღერებულ 15 მილიონზე ინფორმაციას არ ფლობს ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი როზა დვალიშვილი.
"რაც შეეხება ფინანსების საკითხს, ეს თემა მოიკითხეთ მერიაში, ისინი იყვნენ დამკვეთი, ტენდერებს ისინი აცხადებდნენ და ჩვენ მხოლოდ ადგილზე ვაკონტროლებდით...მე არ ვიცი რა დაჯდა თეატრის რემონტი, რადგან ფინანსებს მერია განკარგავდა, ხოლო მე ჩაბარებაზე უარი განვაცხადე, რადგან იყო საკითხები, რომელიც მოსაგვარებელი დარჩა და მქონდა პრეტენზია..."- აღნიშნა როზა დვალიშვილმა.
ოპერის თეატრის დირექტორმა, ხატია ვედმედევამ დღევანდელ ბრიფინგზე რეაბილიტაციის თემაზე საუბრის გარდა, ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს გამოეხმაურა და ოპერის თეატრში ე.წ. ეპილაციის სკანდალთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი