|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენ ვართ ტახტის დამცველი ქრისტეს ლაშქარი – ჩოხოსნებმა გელათში ფიცი დადეს

„მრავალშვილიანი ოჯახი არის ღმერთის სიძლიერის საფუძველი...აღვზრდით ჩვენს შვილებს სულიერი და ეროვნული ღირებულებების დამცველებად“, – ეს  ფრაგმენტებია იმ ფიციდან, რომელიც დღეს ჩოხოსნებმა გელათში დადეს. საპატრიარქოსთან არსებული წმინდა დავით აღმაშენებლის იმერეთ–ქუთაისის ჩოხოსნებმა ახალი წევრები მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ დავით აღმაშენებლის საფლავთან ფიცი დადეს.

„ჩვენ ვართ ტახტის დამცველი ქრისტეს ლაშქარი და ილია მეორე არის ჩვენი წინამძღოლი. ყველამ უნდა ჩაიცვას ჩოხა, ყველამ უნდა იცხოვროს ქართული ადათის და ტრადიციის პატივისცემით. თანამედროვე ჭიდილები ბევრი მოდის, მაგრამ უფალი ჩვენთანაა“, – აღნიშნა  საპატრიარქოსთან არსებული წმინდა დავით აღმაშენებლის იმერეთ–ქუთაისის ჩოხოსნების ხელმძღვანელმა ლევან როხვაძემ.

ახალმიღებულთა შორის იყო პატარა გოგონაც. როგორც აღმოჩნდა იმერეთ–ქუთაისის 500 ჩოხოსანთა შორის 180–მდე ბავშვია.

„სხვები თავს იკავებდნენ ბავშვის მიღებაზე, მაგრამ იმერეთში ასოცირებულ წევრებად ვიღებთ ბავშვებსაც“, – განაცხადა ლევან როხვაძემ.

ჩოხოსნობა ბავშვებს გარკვეული პირობების შესრულებას ავალებს.  „ჩოხოსანი  ბავშვის ოჯახი ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს. იყოს მორწმუნე, ბავშვი  – აღმსარებელ–მაზიარებელი, უნდა ყავდეს სულიერი მამა. ესწრებოდეს მსახურებებს. გოგონებმა უნდა ატარონ კაბა და მანდილი  – დღესასწაულებზე. რწმენით და ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს", – აღნიშნა ჩოხოსანი გოგონას მშობელმა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი