ქუთაისელი "ნაციონალი" - შოთა მურღულია 18 წლის ახალგაზრდის სიცოცხლით სპეკულირებს
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია გოქაძე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გუშინდელ ინცინდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უზნეობად აფასებს.
გოქაძის განცხადებით, გუშინ ქუთაისის ისტორიულ უბანში 18 წლის ახალგაზრდის დაშავების ფაქტით შოთა მურღულია სპეკულირებს.
"რაც გუშინ მოხდა, ეს ძალიან მძიმე და სავალალო ფაქტი. მაგრამ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნაჩქარევად და უხარისხოდ აშენებული, რეაბილეტირებული შენობა-ნაგებობები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის, არის უზნეობა და ბოროტი საქციელი. ეს ადამიანი კაბინეტიდან არ გამოყავთ და ფერადი მინებიდან უყურებს ქალაქს, როდესაც ძვირადღირებული მანქანით დასეირნობს.
ადამიანის სოცოცხლით სპეკულაცია ქალაქის მერის მხრიდან არის ყოვლად დაუშვებელი და უზნეო საქციელი. თუკი რამე უხარისხოდ არის გაკეთებული, ქალაქის მერი კაბინეტში კი არ უნდა იჯდეს, არამედ შესაბამის სამსახურებთან ერთად უნდა ამოწმებდეს სად არის უხარისხო და ამისთვის თანხებიც უნდა გამოიყოფოდეს," - აცხადებს გია გოქაძე newpress.ge-სთან საუბარში.
ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში შენობის ფასადი გუშინ ჩამოინგრა, რამაც მძიმედ დააზიანა 18 წლის ახალგაზრდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით "აუცილებელია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ “ პასუხისმგებლობა აიღოს".
ავტორი: ნიუპრესი