|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა#1-სა და  და რუსთაველის #108 ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსებთან მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის კანონიერების საკითხი დღეს მერიაში დახურულ სხდომაზე განიხილეს.

შეხვედრას ქუთასის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია, მშენებელი კომპანია "ალფა+"–ის წარმომადგენელი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ეს უკანაკსნელნი მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი რამდენიმე კვირაა მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. თუმცა, ამ მიზნით მერიაში დღეს გამართული შეხვედრა, მოსახლეობის განცხადებით, უშედეგო აღმოჩნდა.

"ამ შეხვედრიდან ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანეთ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელიც ამბობს, რომ "ალფას+" - ის  მიერ წამოწყებული მშენებლობა მიზანშეუწონელია, იგივეს ამტკიცებს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსიც და იურისტებიც. თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მაინც არ გამოაქვთ,"- ამბობს ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები, თინიკო მარდალეიშვილი. 

ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმითვე, თუ მერია დროულად არ გააუქმეს მშენებლობის ნებართვას, ისინი საპროტესტრო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.  

"ყველამ კარგად იცის, რომ ეს ტერიტორია უკანონოდაა გასხვისებული და მშენებლობაც დაუშვებელია, მაგრამ ამ კომპანიის უკან მილიონერი მერაბ კეკუტია დგას, რომელიც ნასამართლევია და რუსეთში მოღვაწეობს,"- ამბობენ ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები. 

როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, ტერიტორიის გასხვისება წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა. თუმცა რამდენად კანონიერად,  ამას იურისტები დაადგენენ. 

"კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება გადაწყვეტილების მიღება მერიის მხრიდან, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მიწის გასხვისება თავის დროზე,"- ამბობს შოთა მურღულია. 

შეგახსებთ, რომ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა#1-სა და  და რუსთაველის #108 ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსებთან მრავალპროფილიან შენობის მშენებლობის დაწყებას შპს "ალფა+" გეგმავს. 

თუმცა ამავე ქუჩაზე მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ კორპუსების წინ ახალი შენობის აშენება მათ სავალ გზას ჩაუკეტავს. 

მათივე მტკიცებით,  მშენებლობამ შესაძლოა წყალგაყვანილობის სისტემებიც დააზიანოს.  

იხილეთ ვიდეო 

ავტორი: ანა ჯანაშია