ქუთაისში 6 თვეში მერის მოვალეობის 4 შემსრულებელი შეიცვალა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბოლო 6 თვეში
მეოთხედ გამოცვალეს, ხოლო "ვარდების რევოლიციის" შემდეგ ქალაქის პირველი
პირი 15-ჯერ შეიცვალა.
დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანამდებობა შოთა მურღულიას
ეჭირა.
მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2013
წლის 21 ნოემბერს დაინიშნა, მანამდე ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ.
შოთა მურღულიამდე ქუთაისის მერის თანამდებობა ამერიკიდან ჩამოსულ დიმიტრი კოპალიანს ეკავა, რომელმაც მერის პოსტი მხოლო 99 დღით შეინარჩუნა. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დატოვა. მას შემდეგ კი ქუთაისმა მერის მოვალეობის 4 შემსრულებელი გამოიცვალა.
შოთა მურღულია აღნიშნული თანამდებობიდან, დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. ამჟამად ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი ასრულებს.
ავტორი: ნიუპრესი