|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უპატრონო ძაღლებისთვის თანამედროვე სტანდარტების თავშესაფარი მოეწყობა

ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლებისთვის თავშესაფარი მოეწყობა.

თავშესაფარი ავტომშენებლის #53 - ში, 1500 კვ.მ - ის ფართობზე განთავსდება. 
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობისთვის, ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 130, 000 ლარზე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მოხეტიალე  ძაღლების სპეციალური ავტომობილებით სადგომზე გადაყვანა. სადაც ვეტექიმის შემოწმებამდე ცხოველებზე მოვლა-პატრონობა უნდა განახორციელდეს. 
როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ამბობს, ძაღლების დაჭერა თანამედროვე ძაღლსაჭერებით და უმტკივნეულო მაშებით უნდა მოხდეს. ხოლო თავშესაფრის გალიები ასევე თანამედროვე სტანდარტებით უნდა იყოს მოწყობილი.
"ორჯერ მეტი თანხაა გამოყოფილი უპატრონო ძაღლების პრობლემების მოსაგვარებლად ქუთაისში, ვიდრე წინა წლებში. მთავარია ძაღლების უმტკივნეულოდ და თანამედროვე სტანდარტებით აყვანა მოხდეს, ისე, რომ არ დაზიანდეს ცხოველი. ჩვენთვის მთავარი ის კი არაა ვინ გაიმარჯვებს ტენდერში, არამედ ის, ვინ უკეთ შეასრულებს სატენდერო პირობებს,"- ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.  
ვეტექიმის მიერ ძაღლების შემოწმების შემდეგ, ცხოველები, რომლებიც იქნებიან უკურნებელი სენით დაავადებული, მათი დაძინება მოხდება. ხოლო დანარჩენ ძაღლებს კასტრირებისა და იდენტიფიცირების შემდეგ, ან მიკედლების ადგილზე დააბრუნებენ, ან მათი ქალაქგარეთ გაშვება მოხდება.  
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან მერია ხელშეკრულებას ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს. 

ავტორი: ანა ჯანაშია