ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა
ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე თანამდებობიდან გადადგა. მან გადადგომის თაობაზე კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას განცხადებით უკვე მიმართა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან facebook-ის საკუთარ გვერდზეც გააკეთა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"ძვირფასო მეგობრებო,ჩემი კანდიდატურის წამოყენება და შემდგომ დანიშვნა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოხდა იმ პროექტის განხილვის საფუძველზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქუთაისი გადაიქცეოდა საქართველოს უმთავრეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრად. ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოღვაწეობის სურვილი გამიჩინა მუსიკალურ-საშემსრულებლო, საორკესტრო და საოპერო დარგის სავალალო მდგომარეობამ, ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა აქტიურობამ და მოტივაციამ.
გარდა ამისა, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევდა ის, რომ წარმოდგენილი სტრატეგიული ხედვა - ქუთაისის გადაქცევა საქართველოს სახელოვნებო, მუსიკალურ-საგანმანათლებლო ცენტრად, იქნებოდა პრიორიტეტული ამ ქალაქის ფუნქციონალური განვითარების რაკურსით, რაც უთუოდ ღირებულ კვალს გაავლებდა ქუთაისის კულტურული აღორძინების საქმეში.
პროექტი იყო თეატრის, უფრო ფართოდ კი, ქალაქ ქუთაისის კულტურული და საგანმანათლებლო განვითარების ოთხწლიანი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი სტრატეგიული გეგმა, რომლის მოსალოდნელი შედეგი გაცილებით დიდ სიკეთეს მოუტანდა ქალაქს, ვიდრე მის განსახორციელებლად დახარჯული ფინანსური რესურსი იქნებოდა. ეს იყო განვითარების სტრატეგიულ გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული უპრეცედენტო პროგრამა თავისი კულტურული ფორმატითა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობებით, აქედან გამომდინარე, ის სცდებოდა რომელიმე კონკრეტული უწყების გადაწყვეტილების ფარგლებს და მოითხოვდა განზოგადებულ სახელმწიფო სტრატეგიასა და პოლიტიკურ ნებას, რათა ქუთაისის, როგორც ქალაქის სტატუსი შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი მის ახალ ფუნქციასთან.
პროექტის პირველი წლის ბიუჯეტი იყო 17 მილიონი ლარი, რაც ოთხჯერ უფრო ნაკლებია გერმანიისა და იტალიის ნებისმიერი პატარა ქალაქის ოპერის თეატრის დაფინანსებაზე.
პროექტის მიზანი იყო საერთაშორისო აღიარების მქონე თეატრის შექმნა, იგეგმებოდა საერთაშორისო შემოქმედებითი მისაღები კონკურსის გამართვა, რომლის საფუძველზეც, არსებულ შემოქმედებით რესურსთან თანხვედრით, დაკომპლექტდებოდა მაღალი პროფესიული სინჯის კოლექტივი, რომელიც შეძლებდა საერთაშორისო აღიარების მოპოვებას.
პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საკვანძო მიზანი იყო საორკესტრო საშემსრულებლო დარგის გადარჩენა და აღორძინება, რაც გამოიხატებოდა თეატრის ორკესტრის მუსიკოსების მიერ პედაგოგიური საქმიანობის წარმართვაში, რითაც ჩვენ შევძლებდით ეროვნული კადრების მომზადებას სამუსიკო სკოლების პირველი კლასიდან დაწყებული, უმაღლესი აკადემიური განათლების დონით დასრულებული, ანუ მუსიკალური განათლების ყველა საფეხურზე. ეს ერთხელ და სამუდამოდ მოხსნიდა საორკესტრო შემსრულებლების მწვავე დეფიციტს საქართველოში. საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მუსიკოსებს ექნებოდათ პედაგოგიური მოღვაწეობის ვალდებულება.
ამასთან, მოგეხსენებათ, რამდენიმე ათეული წელიწადია, რაც ტენდენციურად ხდება საუკეთესო საოპერო მომღერლების გადინება საქართველოდან - ქართველი მომღერლები ამშვენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ, საოპერო სივრცეებს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ამ პროცესის შეჩერება, უფრო მეტიც, ისეთი მატერიალური ბაზის და შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სადაც დაბრუნდებოდნენ ქართველი ემიგრანტი ვარსკვლავები, ხოლო ის ახალი თაობა, რომელიც უკვე პოტენციური ემიგრანტია, დარჩებოდა საქართველოში.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ეყოლებოდა საერთაშორისო შემადგენლობის საოპერო დასი მუდმივი საკონტრაქტო თანამშრომლებით და დამატებით, გასტროლიორი სოლისტებით, რომლებიც მრავალფეროვნებას შესძენდნენ ყველა სპექტაკლს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში თეატრი ყოველწლიურად შექმნიდა ახალ პროდუქციას, რომელზეც თეატრის შემოქმედებით კოლექტივთან ერთად იმუშავებდნენ საუკეთესო ქართველი და უცხოელი რეჟისორები, მხატვრები, დიზაინერები, რაც ხელს შეუწყობდა მაღალმხატვრული ღირებულების სპექტაკლების დამკვიდრებას თეატრის რეპერტუარში. ერთ-ერთ პრიორიტეტად გვესახებოდა ეროვნული მუსიკისა და ქორეოგრაფიის პოპულარიზაცია საქართველოსა და მსოფლიოში.
ჩემთვის სრულიად გასაგები იყო ის ფაქტი, რომ ორკესტრის დაკომპლექტება საერთაშორისო კლასის მუსიკოსებით, რომლებიც ორკესტრში დაკვრის გარდა გაზრდიდნენ ეროვნულ საორკესტრო კადრებს, დაკავშირებული იყო სოლიდურ თანხებთან. იგივე შეიძლება ითქვას საოპერო და საბალეტო დასის მსახიობებზე, რომლებიც იქნებოდნენ მსოფლიო დონის არტისტები და მათ მიერ შესრულებული ყოველი სპექტაკლი იქნებოდა ღირებული არა მხოლოდ საშემსრულებლო, არამედ სანახაობრივი თვალსაზრისითაც.
იმთავითვე, ყველა დონის შეხვედრაზე ხაზგასმით, სრული სერიოზულობით ვაცხადებდი, რომ როგორც შემოქმედი და როგორც მოქალაქე, მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პირობების რეალიზაციის შემთხვევაში შევძლებდი სამხატვრო ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობათა და ცხადია, პროექტში დასახულ ამოცანათა სრულფასოვან აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისის ოპერის თეატრში ჩემს ყოფნას არავითარი აზრი არ ექნებოდა, რადგან დანაპირებს ვერ შევასრულებდი.
ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ წარმოდგენილი პროექტი განხორციელდებოდა, მით უფრო, რომ ის არაერთი ექსპერტის და რაც მთავარია, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ იყო შესწავლილი და მოწონებული, რომელთა გამოცდილება და საქმიანი რჩევები იმთავითვე გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო, მიხდება დაკავებული თანამდებობიდან - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა. შესაბამისი განცხადებით დღეს უკვე მივმართე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ მირიანე ოდიშარიას.
ვსარგებლობ შემთხვევით და გულწრფელ მადლობას ვუხდი თეატრის მთელ კოლექტივს, თითოეულ თანამშრომელს, ვისთან ერთადაც ხუთი თვის განმავლობაში მომიწია მუშაობა სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, უწინარესად კი, მადლობას ვუხდი ქუთაისელ მსმენელებსა და მაყურებლებს მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის, რასაც მუდამ ცხადად ვგრძნობ აგერ უკვე ორ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე."
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა