|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიტოვებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოსახლეობა ზარალდება

ქუთაისში, ავტომშენებლის #9–ში მცხოვრებლები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლისგან ყურადღებას ითხოვენ. 
ადგილობრივების განმარტებით, მათ უბანში 4 წლის წინ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო დაზიანებული გზის საფარი მოსახლეობას აზარალებს.  
"ამ გაუბედურებულ და გადათხრილ გზაზე, მაღაზიის წინ ფეხი გადამიბრუნდა, დავეცი და ხელი მოვიტეხე. წვიმაში ხომ საერთოდ ბავშვები გარეთ ვერ გამოგვიშვია. მაინცდამაინც რაიმე სასწაული უნდა მოხდეს, რომ ყურადღება მოგვაქციონ,?" – ამბობს დაზარალებული ნანი ბარაბაძე. 
მოსახლეობის განმარტებითვე, აუცილებელია ავტომშენებლის #9 და #7–ში დროულად მოხდეს 4 წლის წინ მიტოვებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება.  
"მოგვხედოს ქუთაისის მერიამ და მერმა. ეს სამუშაოები 4 წლის წინ მიატოვეს და ასე დატოვეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია აქ მცხოვრები დიდიც და  პატარაც, ვეღარ დადის ხალხი ფაქტიურად,"– ამბობს ავტომშენებლის უბანში მცხოვრები ბადრი ციბაძე. 
ავტომშენებლის ქუჩაზე მცხოვრებლების მსგავსად, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მისამართით მოთხოვნებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაიაც აჟღერებს. 
"უსაქმურად რომ სხედან მერიაში, მიხედონ ამ ხალხის პრობლემებს. მოვუწოდებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას დაინტერესდეს ავტომშენებლის ქუჩაზე მცხოვრებლების გასაჭირით და იმ კომპანიას, რომელმაც სამუშაოები 4 წლის წინ მიატოვა, აიძულოს აღებული ვალდებულება ბოლომდე შეასრულოს,"– ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

ავტორი: ანა ჯანაშია