|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სპორტის სასახლის თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებენ - რეორგანიზაცია თუ ბრძოლა ადგილებისთვის?

ქუთაისის სპორტის სასახლის თანამშრომლებს სამსახურის დატოვება მოსთხოვეს. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-სთან სპორტის სასახლის დირექტორი, დავით ბახტაძე საუბრობს. „მთელ კოლექტივს განგვიცხადეს, რომ გვათავისუფლებენ სამსახურიდან, თუმცა ამის დამადასტურებელი ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია. რეორგანიზაცია დაარქვეს. სინამდვილეში ჩვენ მოვითხოვეთ ააიპ-იდან გამოყოფა და ის პროცესი რაც ჩვენი წერილის საფუძველზე დაიწყო, ჩვენვე დაგვიხვედრეს საწინააღმდეგოდ. ანუ სიღრმისეული მიზეზი სხვაა, როგორც ხდება, მაგრამ უნდათ ლამაზად შეფუთონ,“ - აცხადებს დავით ბახტაძე.

ბახტაძის თქმით, მან სპორტის სასახლის სახელით მერიას 2013 წლის ნოემბრის ბოლოს მიმართა წერილობით, რათა განეხილათ მისი გამოყოფა სპორტულ დაწესებულებათა ააიპ-იდან. აღნიშნული მოთხოვნა მოტივირებული იყო იმით, რომ ასეთ შემთხვევაში უფრო ეფექტურად განხორციელდებოდა სპორტის სასახლის მართვა.

„წერილის დაწერამდე გავიარეთ კონსულტაციები მერიის სპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ვანო ბუხაიძესთან და ვიცემერ ნოდარ მიქიაშვილთან, მათ მოიწონეს ეს იდეა. მას შემდეგ კი, რაც ეს საკითხი განიხილა საკრებულომ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, განგვიცხადეს რომ ეს არის რეორგანიზაციის საკითხი და შესაძლოა ყველა თანამშრომელი იქნეს განთავისუფლებული. ამჯერად ვართ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში, თუ რა ფაქტობრივ მდგომარეობაშია ჩვენი საკითხი,“ - აცხადებს ბახტაძე.

სპორტის სასახლის დირექტორის თქმით, არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ მათ ადგილებზე დასანიშნი ახალი კადრები უკვე შერჩეული ჰყავთ. „ამას დაემატა ისიც, რომ სპორტის სასახლის კოლექტივს, გაურკვეველი ვადით  დაუკავდა ბოლო თვის ხელფასები“ - ამბობს დავით ბახტაძე.

როგორია ქუთაისის მერიის პოზიცია და რას აცხადებენ ქუთაისის მერიის სპორტის სამსახურში? მათ პოზიციას აღნიშნულ კითხვებზე პაუხების მიღებისთანავე მოგაწოდებთ.

 

ავტორი: ნიუპრესი