|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოკლული ჯარისკაცი 24 წლის უშანგი ჭაფოძეა

ქუთაისში, რკინიგზის სადგურთან გარდაცვლილი ახალგაზრდა ჯარისკაცის ვინაობა დადგენილია. 24 წლის უშანგი ჭაფოძე სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ცხოვრობდა.

მკვლელობა, სავარაუდოდ, 26 ივნისს, გამთენიისას მოხდა. ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ახალგაზრდა ნაცემია და თავში ქვის დარტყმით არის მოკლული.

უშანგი ჭაფოძის ოჯახის წევრებს მკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია და  ვერსია არ აქვთ. გარდაცვლილს მშობლები დაღუპული ჰყავს.

,,მსახურობდა ჯარში. დღეს გავიგეთ, რომ უნახავთ რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, არის ნაცემი, სულ დალილავებუული აქვს სახე. გაფუჭებულია მიცვალებული. ჩანარტყამი აქვს ბლაგვი საგანი. რვა თვეა დაახლოებით მსახურობს ჯარში. გუშინწინ, მამიდასთან იყო მისული, იქედან წამოსულმა თქვა, ჯარში მივდივარო“ – ამბობს გარდაცვლილის ბიძა ვეფხვია ჭაფოძე.

,,მე არაფერი ვიცი. მოგვიყვანეს სახლში, თავში ჩარტყმით არის მკვდარი. ქვით არის მკვდარიო. თავზე აქვს დაზიანებები მარტო. ორშაბათს დილით კი იყო ნაწილში. სახლში უნდა მოსულიყო გუშინ და არ მოვიდა. არ იყო ისეთი ადამიანი, რო შეგვშინებოდა, რამე  მოსვლოდა“ – აღნიშნა გარდაცვლილის მამიდამ ლეილა ჭაფოძემ.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე